მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IDFI: სახელმწიფო ავტოპარკში საწვავის მოხმარების აღრიცხვის სისტემა უნდა დაინერგოს

5cf62effca3da
სალომე მეცხვარიშვილი
04.06.19 12:51
916
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ორგანიზაციამ“ (IDFI) გუბერნატორების ადმინისტრაციების - ავტოპარკისა და საწვავის ხარჯების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც 2017-2018 წლებს ეხება.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დაფიქსირდა საწვავის არაგონივრულად მაღალი მოხმარების ტენდენციები, რის გასაკონტროლებლადაც მონიტორინგის სისტემის ჩართვაა აუცილებელი.

„2017-2018 წლებში სახელმწიფო გუბერნატორების მაგალითზე განხილული საწვავის მოხმარების პრაქტიკა, რაც გამოიხატება ცალკეულ შემთხვევებში არაგონივრულად მაღალი ოდენობის საწვავის ათვისებაში, ცალსახად მიუთითებს კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობაზე. კერძოდ, მიზანშეწონილია, შესაბამისი ტექნოლოგიური სისტემის დანერგვით გამკაცრდეს სამსახურეობრივი ავტომობილებით არამიზნობრივი გადაადგილების მონიტორინგი და ყველა ავტომობილზე დაინერგოს საწვავის მოხმარების აღრიცხვის სისტემა - ე.წ. „ჩიპი“,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკის ანალიზმა ნათლად აჩვენა მის რაციონალურ განკარგვასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები.

„კერძოდ, გუბერნატორების ადმინისტრაციების ბიუროკრატიული აპარატის ავტოპარკის მასშტაბი, არაეკონომიური მაღალი გამავლობის და ძვირადღირებული მოდელების მაჩვენებლები, და საწვავის მოხმარების არსებული მაჩვენებლები ცალსახად ოპტიმიზაციის და კონტროლის მექანიზმების გამკაცრების აუცილებლობაზე მიუთითებს.

გუბერნატორების ადმინისტრაციის ავტოპარკის განკარგვის გამჭვირვალობისათვის მნიშვნელოვან გამოწვევად შეიძლება შეფასდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ და თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემის არსებული პრაქტიკა. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე შემავალი მუნიციპალიტეტების მიერ ძვირადღირებული ავტომობილების უსასყიდლოდ გადმოცემა აჩენს კითხვებს მუნიციპალური ქონების მიზნობრივად განკარგვასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება მმართველობის დეცენტრალიზაციის მიზნებს და ეჭვ ქვეშ აყენებს ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხს.
გუბერნატორების მიერ ავტოპარკის განკარგვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფო ავტოპარკის ცენტრალიზებული სერვისის ჩამოყალიბების საკითხის განხილვის აუცილებლობაზე, რომლის მართვაში მოექცევა ყველა, მათ შორის გუბერნატორის ადმინისტრაციების ბალანსზე არსებული სახელმწიფო ავტომანქანა“, - ნათქვამია კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები