მთავრობამ „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯის კომპანიაზე“ მინერალური და მტკნარი წყლის მოპოვების მოცულობები გაუზარდა. შესაბამის 337-ე და 338-ე განკარგულებებს 12 თებერვალს ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა. ორივე ლიცენზიის გაზრდილ მოცულობაზე კომპანიამ ბიუჯეტში 12.5 მლნ ლარამდე უნდა შეიტანოს.
უფრო კონკრეტულად, 337-ე განკარგულების მიხედვით, მინერალური რესურსების სააგენტოზე გაიცა თანხმობა, რომ „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიაზე“ ერთ კონკრეტულ საბადოზე მინერალური წყლის მოსაპოვებელი ოდენობა წელიწადში 421 976 მ³-მდე, ნაკიან წელიწადში კი 423 132 მ³-მდე გაიზარდოს. კომპანია ვალდებულია მოსაპოვებელი მინერალური წყლის გაზრდილ ოდენობაზე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში ბიუჯეტში 12 339 610 ლარი შეიტანო. თუმცა ამ განკარგულებიდან არ ირკვევა რა დრომდე აქვს კომპანიას ამ კონკრეტულ საბადოზე წყლის მოპოვების ლიცენზია აღებული.
338-ე განკარგულების მიხედვით კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში წყლის მოპოვების ლიცენზიის ვადის ბოლომდე 2036 წლის 23 სექტემბრამდე, წლიურად მტკნარი წყლის მოპოვების ოდენობა ჩამოსხმის მიზნით 18 250 მ³ ოდენობით განისაზღვროს, ხოლო სამეწარმეო დანიშნულებით ამავე - ყვიბისის წყაროდან 32 120 მ³ ოდენობით.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წლიურად ჩამოსხმის მიზნით მოსაპოვებელი წყლის მოცულობა 6 570 მ³-ით გაიზარდა, რისთვისაც „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიამ“ დადგენილ ვადაში 143 732 ლარი უნდა გადაიხადოს.
მთავრობამ IDS Borjom-ს მტკნარი წყლის მოპოვების ერთ-ერთი ლიცენზია 2035 წლამდე გაუხანგრძლივა
ცნობისთვის, 2025 წლის სექტემბერში IDS ბორჯომი საქართველომ, „ბორჯომის“ წარმოების 135-ე წელს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ქარხანა ოფიციალურად გახსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონი დოლარია.
ბორჯომის ახალი ქარხანა ყვიბისში, ყოფილი, N2 ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდა. საწარმოს საერთო ფართობი 48 000 მ²-ს შეადგენს. მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, საქართველოში ის ყველაზე დიდია ჩამომსხმელ სექტორში. საწყის ეტაპზე ქარხნის სიმძლავრე 750 მილიონი ბოთლია წელიწადში, ხოლო 2030 წლისთვის მილიარდ ბოთლამდე მიაღწევს.




























