მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IFC და ეროვნული ბანკი კორპორაციული მართვის და მდგრადი დაფინანსების განვითარებას შეუწყობენ ხელს

5bab31447e0fc
BM.GE
26.09.18 11:06
620
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, დღეს ხელი მოაწერა საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც კერძო სექტორში გარემოს დაცვის, სოციალური და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს. ეს სტანდარტები კომერციულ ბანკებს და კომპანიებს ეფექტიანობის ამაღლებაში, კონკურენტუნარიანობის ზრდაში და ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება.
IFC-ის კონსულტაციით შემუშავდება კორპორაციული მართვის კოდექსები ანგარიშვალდებული საწარმოებისა და კომერციული ბანკებისთვის. კოდექსებში გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხებს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა. თანამშრომლობის ფარგლებში მდგრადი საბანკო ქსელი (SBN), რომელიც IFC-ის მხარდაჭერით შეიქმნა, ეროვნულ ბანკთან იმუშავებს მდგრადი დაფინანსების გზამკვლევის შემუშავების და საკანონმდებლო ბაზის განვითარების მიმართულებით. SBN ასევე ხელს შეუწყობს საფინანსო ინსტიტუტებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული პროდუქტების (მაგ. „მწვანე ბონდების“) შექმნაში.

თანამშრომლობის დაწყებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, IFC-მ, SBN-მა, და ეროვნულმა ბანკმა დღეს თბილისში უმასპინძლეს პირველ სამუშაო შეხვედრას მდგრადი დაფინანსების საკითხებზე, რომელსაც 50 მონაწილე დაესწრო საქართველოს საფინანსო სექტორიდან, SBN-დან და რეგიონის ცენტრალური ბანკებიდან.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს გააძლიეროს საფინანსო სისტემის როლი გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მართვის რისკების მართვაში. მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავების პროცესში IFC-ის და SBN-ის მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია,” აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკი SBN-ს 2017 წლის მეორე ნახევარში შეუერთდა და მისი „მწვანე ბონდების“ სამუშაო ჯგუფის აქტიური წევრია. SBN-ის 35 წევრი ქვეყანა, 43 ტრილიონ აშშ დოლარის მოცულობის საბანკო აქტივებით, საერთო მიზანმა გააერთიანა - უზრუნველყონ ეროვნული საფინანსო სისტემების მდგრადობა. დღეისათვის SBN-ის 17-მა წევრმა ქვეყანამ შეიმუშავა საფინანსო პოლიტიკა და პრინციპები, რომლებიც საინვესტიციო პროექტებში გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მართვის საკითხების ინტეგრაციას მოახდენს და მწვანე პროექტებისთვის მეტ კაპიტალს მოიზიდავს.

სამხრეთ კავკასიაში IFC-ის რეგიონული მენეჯერის იან ვან ბილსენის თქმით: „მდგრადი განვითარება ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. დღევანდელი დღე არის მდგრადი დაფინანსების რეფორმის დასაწყისი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსური სისტემისა და კომპანიების მმართველობის

გაუმჯობესებასა და გარემოსდაცვით საკითხებზე ორიენტირებულობას. ეს ბევრ უპირატესობას სთავაზობს ფინანსურ ინსტიტუტებს და კომპანიებს, მათ შორის საკრედიტო რისკების შემცირებას, „მწვანე“ საინვესტიციო პროექტების წახალისებას, რაც მათ ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.“

IFC-ის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. მან მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტ კომპანიას გაუწია დახმარება კორპორაციული მართვის კოდექსების შემუშავებაში. IFC-ის გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მართვის მეთოდოლოგია ფართოდაა დანერგილი და აღიარებულია, როგორც საბაზრო სტანდარტი კორპორაციების, ინვესტორების, საფინანსო ინსტიტუტების, საფონდო ბირჟების, მარეგულირებლების და ქვეყნების მიერ.
საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFC-ის გრძელვადიანმა ინვესტიციებმა საქართველოში 1.88 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 60 პროექტში საფინანსო, აგრობიზნესის, წარმოების და ინფრასტრუქტურის სექტორებში. ამ თანხიდან 980 მილიონი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული. გარდა ამისა, IFC-მ 394 მლნ. აშშ დოლარამდე ღირებულების სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში და განახორციელა საკონსულტაციო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს კერძო სექტორის განვითარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები