მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იგეგმება ინვესტიცია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მიმართულებით" - პოლონეთ-საქართველოს საინვესტიციო ფორუმის შედეგები

პოლონური ფორუმი

თბილისში პოლონეთ-საქართველოს ეკონომიკურ-საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომელმაც თავი მოუყარა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ერთობლივად ემსჯელათ საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო და დარგობრივი პალატების წარმომადგენლები, ასევე პოლონელი მეწარმეების დელეგაცია, რომლებმაც წარადგინეს თავიანთი საქმიანობის პროფილი და B2B შეხვედრების ფარგლებში საქმიანი მოლაპარაკებები გამართეს ქართველ პარტნიორებთან.

პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელის გვანცა გრიგალაშვილის თქმით, ფორუმის მიზანი იყო პოლონური და ქართული კომპანიების დაახლოება და ურთიერთგამოცდილების გაზიარება. "ფორუმზე საუბარი იყო იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელება დაგეგმილია საქართველოში უახლოეს მომავალში.

ამ კონტექსტში განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობა და მსგავსი სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების ერთობლივი ძალისხმევით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელების შესაძლებლობები", - განაცხადა გვანცა გრიგალაშვილმა bm.ge-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ფორუმზე გაჟღერდა, რომ იგეგმება პოლონურ-ქართული ინვესტიცია მშენებლობაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით.

"ამ კუთხით უკვე არის განხორციელებული პოლონურ-ქართული ინვესტიცია. პოლონური ტექნოლოგიების გამოყენებით ფუნქციონირებს საქართველოში ქარხანა. კერძოდ, პოლონური კომპანია Akces BK-ის საერთაშორისო პატენტის მქონე ტექნოლოგიის გამოყენებით აწარმოებს ქართული კომპანია Contech-ი თერმოსაიზოლაციო ბლოკებს საქართველოში. ახლა კი საუბარია მსგავს, კიდევ მეორე ინვესტიციაზე, თუმცა კონცეფციის თვალსაზრისით ცოტა განსხვავებული იქნება", - დასძინა მან.

ცნობისთვის, პოლონეთ-საქართველოს ეკონომიკურ-საინვესტიციო ფორუმი ორგანიზებული იყო თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ, პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს საგარეო სავაჭრო წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.

როგორც პოლონეთის საელჩოში აცხადებენ, ​შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა რეალურ დინამიკას იძენს, ხოლო პოლონურ კაპიტალსა და ტექნოლოგიებს საქართველოში განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.

ცნობისთვის, პოლონეთიდან გასულ წელს შემოსული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 12,9 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც ამ ქვეყნიდან FDI-ს რეკორდი იყო. 2024 წელს კი პოლონურმა ინვესტიციებმა 11,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, პირველი კვარტლის მონაცემებით, 2,6 მლნ აშშ დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები