მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იგეგმება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმირება? - მინისტრის განმარტება

64a9b4c4e9c28
თათია ჩაფიჩაძე
06.07.23 19:30
6221
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის თქმით, მომდევნო 2-წლიან პერიოდში ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმირება არ იგეგმება. როგორც მინისტრმა bmg-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მისაღებ გამოცდებში ცვლილებები შესაძლოა, უმაღლესი სასწავლებლებისთვის დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედების შემდეგ შევიდეს.

„დროსთან ერთად ყველაფერს სჭირდება განახლება. განათლება ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც წლიდან-წლამდე ადაპტირდება და ვითარდება, განსაკუთრებით კი ეს ხდება ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ჟამს, ამიტომ ცხადია, სამომავლოდ იქნება გარკვეული ცვლილებები.

იცით, რომ ახლა სამინისტროში მიდის მუშაობა უმაღლესი სასწავლებლებისთვის ახალი დაფინანსების მოდელის შექმნაზე, რომელიც თავის მხრივ, ბუნებრივია, გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს, თუმცა ეს არ იქნება წელს ან მომავალ წელს. შესაძლებელია, დაფინანსების ამ ახალ მოდელთან ერთად, გარკვეული ცვლილებები ალბათ 2 წელიწადში გვქონდეს, თუმცა დღეს ჯერ არაფერია გადაწყვეტილი“, - განაცხადა ამილახვარმა.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ტრადიციულად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით, 3 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

ინფორმაციისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა საქართველოში 2005 წლიდან ტარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები