თორნიკე ზირაქიშვილი შპს იგლ ჰილს საქართველოს გენერალური მენეჯერი გახდა - მედიაში გავრცელებული ინფორმაცია bm.ge-ს თავად ზირაქიშვილმა დაუდასტურა.
ზირაქიშვილი ამ დრომდე სააგენტოს "აწარმოე საქართველო" დირექტორის მოადგილე იყო და შპს იგლ ჰილს საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემებით, ამ ეტაპზე Eagle Hills საქართველოს მმართველი დირექტორის პოზიციას ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი იკავებს.
რეესტრის მიხედვით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა ამ დროისთვის ასეთია:
- ირაკლი ნადარეიშვილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
- თორნიკე ზირაქიშვილი – სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე;
- მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი – Eagle Hills-ის დამფუძნებელი;
- რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი;
- ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი.
აღსანიშნავია, რომ ზირაქიშვილის პოზიციის ცვლილების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სააგენტო "კომერსანტმა" გაავრცელა.
იგლ ჰილს საქართველო" 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა. მისი მფლობელი და დამფუძნებელია Eagle Hills Development Holdings Limited, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის UAE-ში რეგისტრირებულ Jaona Investment LLC-ს. ამ უკანასკნელის დამფუძნებელი და მესაკუთრე კი მილიარდერი მოჰამედ ალაბარია.
"Eagle Hills საქართველომ" საჯარო რეესტრს კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ 18 ნოემბერს მიმართა. წარდგენილი ცვლილებები კაპიტალის ცვლილებასა და A და B კლასის წილების გამოშვებას ითვალისწინებდა, თუმცა რეესტრმა 19 ნოემბერს მიუთითა, რომ მოთხოვნილი ცვლილებები "მეწარმეთა შესახებ" კანონის მოთხოვნას ეწინააღმდეგებოდა და კომპანიას დოკუმენტაციის განახლებისთვის 30-დღიანი ვადა მისცა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით შედის, კერძოდ, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით. ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.
"ოცნების" მთავრობის ეკონომიკის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანიის მიერ აღებულ საკრედიტო ვალდებულებების მომსახურებაში მონაწილეობას არ მიიღებს და აღნიშნული ვალდებულებების გასტუმრება სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობა იქნება. სახელმწიფო პროექტში შედის მხოლოდ მიწით.



























