„აკ-ეარ ჯორჯიას“ მენეჯმენტში ცვლილებაა. ავიაკომპანია, რომელიც ამ დრომდე ნატახტრიდან საქართველოს რეგიონებში შიდა, სუბსიდირებულ ავიარეისებს ემსახურება, იგორ აფციაურმა დატოვა.
იგორ აფციაური კომპანიაში დირექტორის პოზიციას ოფიციალურად 2023 წლის მარტიდან იკავებდა. მის ნაცვლად ავიაკომპანიას ლევანი მაწიაშვილი უხელმძღვანელებს. „აკ-ეარ ჯორჯია“ ნატახტრის აეროდრომთან Service Air-ის ჰოლდინგის ნაწილია, რომელთანაც შიდა ფრენების მომსახურებაზე ხელშეკრულება სახელმწიფომ 2018 წელს გააფორმა. ხელშეკრულებას მოქმედების ვადა რამდენჯერმე გადაუვადდა, მოქმედების საბოლოო თარიღი 2024 წლის 31 იანვარია.
მთავრობამ არაერთხელ დააანონსა, რომ სურს ახალი ტენდერის გამოცხადება და სავარაუდოდ, ახალ ტენდერში თელავის მიმართულებით ფრენის სუბსიდირებაც იქნება გათვალისწინებული. თელავის ახალი აეროპორტის გახსნას მთავრობა ზაფხულშია გეგმავს.