ჩინური ავტომწარმოებელი BYD-ის გაყიდვები მეორე კვარტალში 21%-ით გაიზარდა, რითაც Tesla-ს მაჩვენებლებს დაუახლოვდა.
Reuters-ის გამოთვლებით, აპრილი-ივნისის პერიოდში BYD-მ 426 039 ელექტრომობილი გაყიდა, რაც Tesla-ს მიერ ამავე პერიოდში გაყიდული ავტომობილების რაოდენობას მხოლოდ 18 000-ით ჩამორჩება - I კვარტალში კომპანიების გაყიდვებს შორის სხვაობა 86 000 ერთეული იყო.
რაც შეეხება Tesla-ს, მეორე კვარტალში კომპანიის შედეგები მოსალოდნელზე მცირედით, 4.8%-ით შემცირდა - ილონ მასკის კომპანიამ 443 956 ელექტრომობილი გაყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა Tesla-სთვის, როდესაც კომპანიამ გაყიდვების კლება ზედიზედ ორ კვარტალში დააფიქსირა - მიზეზი BYD-სთან გაზრდილი კონკურენცია და Tesla-ს მოდელებზე მოთხოვნის შემცირებაა, რადგან ამერიკული ელექტრომობილები ფინანსურად მიმზიდველი არ არის. Tesla-ს მოდელებზე ფასების შემცირებამ და სხვა ტიპის ინიციატივებმა კომპანიის მოსალოდნელი შედეგები გააუმჯობესეს, თუმცა მხოლოდ მცირედით.
ამასთანავე, ივნისის თვეში Tesla-ს ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების გაყიდვები, წლიურ ჭრილში, ზედიზედ მესამედ 24.2%-ით - 71 007 ერთეულამდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა კომპანიამ ჩინეთში Tesla Model Y-ის წარმოებაც შეამცირა, ერთ დროს ყველაზე გაყიდვად მოდელზე - მოთხოვნის შემცირების გამო. BYD-ის გაყიდვები კი სტაბილურად მზარდია, ისევე როგორც ელექტრომობილების მწარმოებელი სტარტაპის - NIO, რომელმაც მეორე კვარტალში გაყიდვები გააორმაგა.