Galt & Taggart-ის ბათუმის, ბაკურიანისა და გუდაურის საცხოვრებელი ბინების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში გუდაურში 75 ბინა გაიყიდა, რომლის ღირებულებამ ჯამში 3.7 მლნ დოლარი იყო.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბინების გაყიდვები წლიურად 34.8%-ით შემცირდა, წინა კვარტალთან შედარებით კი კლება 18.5%-ია. აღსანიშნია, ისიც რომ გაყიდული ბინების ღირებულება ჯამში წლიურად 25.2%-ით, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით 6.8%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 4.4%-ით 1 400 დოლარამდე გაიზარდა.
მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში მცირე და საშუალო ზომის ბინებმა (26-80 მ2) ბაზრის 96.6% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების 49.3% მაღალი ($1,201-1,800), ხოლო 13.6% პრემიუმ კლასის ($1,801-3,000) ფასების სეგმენტებს მიეკუთვნება.
Galt & Taggart-ის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ბათუმის, ბაკურიანისა და გუდაურის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები დიდწილად დამოკიდებულია უცხოელ მყიდველებზე. შესაბამისად, ეს ბაზრები კოვიდპანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა.
2022 წელს ამ ბაზრებზე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზარდა ტურიზმის აღდგენამ და მიგრანტების ნაკადმა, რამაც უძრავი ქონების ფასების ზრდა გამოიწვია. ამ ფაქტორებთან ერთად ფასების ზრდაზე იმოქმედა გაზრდილმა ხარჯებმა (სამშენებლო მასალები, ხელფასები და მიწა). აღსანიშნია, რომ 2023 წლის დასაწყისიდან საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შენელდა, თუმცა ფასები კვლავ მაღალ ნიშნულზეა. ამჟამად ბათუმში 167 პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს, ბაკურიანში – 18, ხოლო გუდაურში – 9. ჩვენ ველით, რომ მდგრადი მიწოდება და სამშენებლო მასალების დასტაბილურებული ფასები შეანელებს ფასების ზრდას ამ რეგიონებში.

























