მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

II კვარტალში ისრაელიდან ვიზიტების ზრდის ტემპი შენელდა

ისრაელი

2025 წლის პირველ ნახევარში ისრაელიდან საქართველოში შესრულებული ვიზიტების რაოდენობა 35.7%-ით 171 294-მდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, I-II კვარტალში 45,081 ვიზიტით მეტი შესრულდა, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში, თუმცა პირველთან შედარებით, მეორე კვარტალში ისრაელიდან ვიზიტების ზრდის ტემპი შენელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მეორე კვარტალის ბოლოს ისრაელსა და ირანს შორის გამწვავებულმა სამხედრო კონფლიქტის ფონზე, ისრაელისა და ირანის ცა ფაქტობრივად ჩაიკეტა და სხვა ქვეყნებთან ერთად, ამ დაპირისპირებული მხარეებიდან საქართველოს მიმართულებითაც ფრენები ნახევარი თვე ფაქტობრივად შეჩერებული იყო. ისრაელში მხოლოდ ქვეყანაში დაბრუნების მსურველებს შეეძლოთ ჩაფრენა, რისთვისაც სპეცრეისები სრულდებოდა. აქედან გამომდინარე, საქართველოში ტურიზმის წარმომადგენლებმა ისრაელელი მოგზაურების მხრიდან ჯავშნების გაუქმებაზე დაიწყეს საუბარი. დარგის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ბოლო პერიოდში ისრაელი იმ ქვეყნებს შორის იყო, საიდანაც ვიზიტების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდებოდა. ამას ტურიზმის პირველი კვარტალის შედეგებიც ცხადყოფდა. ტურიზმზე ისრაელ-ირანის კონფლიქტის უარყოფით გავლენაზე აღნიშნული იყო TBC Capital-ის მიმოხილვაშიც: „მოკლევადიან პერიოდში რისკების ზრდის მიმართ მოწყვლადი, უპირველეს ყოვლისა, ტურიზმია“ - ნათქვამი იყო მიმოხილვაში.

ოფიციალურ სტატისტიკას თუ შევხედავთ, ისრაელიდან ვიზიტების რაოდენობა პირველ კვარტალში 72.9%-ით გაიზარდა და საქართველოში ისრაელიდან იანვარ-მარტში 80 896 ვიზიტი შესრულდა, მეორე კვარტალში კი ვიზიტების ზრდა შენელდა და რაოდენობა 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 13.8%-ით 90 398 ვიზიტამდე გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორებმა სულ 2 810 524 ვიზიტი შეასრულეს, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 4.6%-ით აღემატება. მთლიან ვიზიტებში ისრაელიდან ვიზიტებს 6% უკავია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები