მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში "ოცნებამ" Facebook და Instagram რეკლამებზე რეკორდული თანხა დახარჯა - ISFED

მმართველი პარტია

2024 წლის მეორე კვარტალში, ჯამში Facebook-სა და Instagram-ზე ქართული აუდიტორიისთვის 358 035 დოლარის ღირებულების პოლიტიკური და სოციალური რეკლამა განთავსდა, რაც 78%-ით აღემატება წინა კვარტალის დანახარჯებს. ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების (ISFED) მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც „მეტას“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებს ეყრდნობა.

ISFED-ის მიხედვით, აპრილ-ივნისში სარეკლამო დანახარჯების ზრდა გამოვლინდა გვერდების ყველა კატეგორიაში. 71%-ით გაიზარდა და 165 ათას დოლარამდე მიაღწია პოლიტიკური სუბიექტების რეკლამებზე გაწეულმა ხარჯმა. ზრდა მნიშვნელოვანწილად გამოწვეული იყო მმართველი პარტიის წარმომადგენელთა რეკორდულად მაღალი დანახარჯით. კერძოდ, სამ თვეში "ქართულმა ოცნებამ" Facebook და Instagram რეკლამებზე 106 053 დოლარი დახარჯა. პარტიებს შორის მეორე ადგილზეა "ლელო საქართველოსთვის" 33 211 დოლარით, რომელსაც "სტრატეგია აღმაშენებელი" მოსდევს - 7 084 დოლარით.

ამასთან, გაორმაგდა მედიასაშუალებების მიერ „მეტას“ რეკლამებისთვის გადახდილი თანხის სიდიდე, რაც, ძირითადად, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმეჯერ გაზრდილი ხარჯებით იყო განპირობებული. გაორმაგდა პროპაგანდისტული და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდების სარეკლამო დანახარჯები. წინა კვარტალთან შედარებით, 3.5-ჯერ გაიზარდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ „მეტას“ რეკლამებში დახარჯული თანხის საერთო ოდენობაც.

ISFED-ი მიუთითებს, რომ კატეგორიების უმეტეს ნაწილში სარეკლამო დანახარჯების მკვეთრი ზრდა, მნიშვნელოვანწილად, ხელმეორედ ინიციირებულ და მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს უკავშირდებოდა.

"კანონპროექტის მხარდასაჭერად სარეკლამო კამპანია ხორციელდებოდა საქართველოს მმართველი პარტიის, პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ფეისბუქგვერდების მეშვეობით. ამავდროულად, ამ კანონპროექტის მხარდამჭერ, მის საწინააღმდეგოდ გამართული საპროტესტო აქციების მადისკრედიტირებელ და არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კამპანიაში აქტიურად ჩართულნი იყვნენ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებიც და მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გვერდებიც. მათ მიერ გავრცელებული რეკლამების ნაწილი შეიცავდა ღიად ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ გზავნილებსაც.

ზემოხსენებულ კანონს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ხელისუფლების მხარდამჭერი ანონიმური გვერდების რეკლამებშიც. მოცემული გვერდები, რომელთა უკან მდგომი პირებისა და დაფინანსების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია უცნობია, ხელისუფლების მიერ ინიციირებული კანონპროექტის ერთადერთ მიზნად არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას წარმოაჩენდნენ. მოცემული გვერდები, პარალელურად, საპროტესტო აქციების მონაწილეთა მადისკრედიტირებელ სარეკლამო კამპანიას აწარმოებდნენ და ამავდროულად, ავრცელებდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ევროსკეპტიკურ გზავნილებს",- აღნიშნულია მიმოხილვაში.

ISFED-ის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში გაორმაგდა მედიასაშუალებების მიერ „მეტას“ რეკლამებისთვის გადახდილი თანხის ოდენობა. თუმცა, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა რეკლამებში 6.7-ჯერ მეტი თანხა დახარჯეს, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა სხვა ქართულმა მედიასაშუალებამ.

რაც შეეხება ყველაზე მსხვილი სარეკლამო დანახარჯის მქონე გვერდებს, გამოირჩეოდა „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდი, რომელზეც 50 ათას დოლარზე მეტი ღირებულების პოლიტიკური რეკლამა განთავსდა. აღნიშნულ გვერდზე რეკლამების მნიშვნელოვანი ნაწილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დაეთმო. პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარტიის ოფიციალურ გვერდზე აქტიურად მიმდინარეობდა კამპანია, ერთი მხრივ, კანონის საჭიროებასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დასავლელი დონორების წინააღმდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები