მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

III კვარტალისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი შემცირდა - ISET-ში მიზეზებს განმარტავენ

ბიზნესის განწყობის ინდექსი

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ბიზნესის განწყობის ინდექსის მესამე კვარტალის მაჩვენებლების მიხედვით, ამ პერიოდისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუარესდა. კვლევითმა ინსტიტუტმა ბიზნესის განწყობის ინდექსის III კვარტალის შედეგები დღეს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ამ პერიოდისთვის კვლევაში 32 მსხვილი და 141 მცირე და საშუალო კომპანია მონაწილეობდა. 

კვლევის ძირითადი შედეგების მიხედვით, III კვარტალისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 10.7 პუნქტით შემცირდა და 15.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა საფინანსო სექტორში (26.4) დაფიქსირდა. 

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და მომავლისადმი მოლოდინებმა განაპირობა.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტალის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2023 წლის II კვარტალთან შედარებით 9.1 პუნქტით შემცირდა და 2023 წლის III კვარტალისთვის 12.7-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი ყველაზე მაღალია მრეწველობის სექტორში (25.0).

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნესსექტორი მომავლის მიმართ, მნიშვნელოვნად შემცირდა და 28.5 პუნქტს გაუტოლდა. 2023 წლის III კვარტალისთვის მოლოდინების ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა მრეწველობის სექტორში (50.0) დაფიქსირდა.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 11 პუნქტით 17.3 პუნქტამდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ფასების მატებას საკუთარ პროდუქტზე ვარაუდობს, შემცირდა.

აღსანიშნია, რომ 2023 წლის III კვარტალისთვის, მსხვილი საწარმოებისთვის მთავარ გამოწვევას კვალიფიციური სამუშაო ძალის და მოთხოვნის სიმცირე წარმოადგენს. მცირე და საშუალო ბიზნესები კი ძირითად გამოწვევებად ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და მოთხოვნის სიმცირეს ასახელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები