საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.1%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ინდექსი სასოფლო მეურნეობების მიერ წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის ფასების საშუალო დონის ცვლილებას ასახავს.
კვარტალურ ჭრილში შემცირება ძირითადად, განპირობებული იყო მრავალწლოვანი კულტურების (ყურძენი, ხილი, თხილი, კაკალი და სხვ.) ღირებულების 22%-იანი კლებით.
რაც შეეხება ინდექსის წლიურ ცვლილებას, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 0.6%-ით. ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულების 5.8%-იანი მატებით. ამავე პერიოდში ერთწლოვანი კულტურების (ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა, კარტოფილი და სხვ.) ღირებულება 5.3%-ით შემცირდა, ხოლო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, თაფლი, რძე და სხვ.) ღირებულება - 0.05%-ით.