სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მიმართულებით იანვარ-სექტემბერში მობილიზებულ იქნა 7,075 მლნ ლარი, რაც 9 თვის გეგმის 103%-ს და წლიური გეგმის 75%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოსავლების შესრულება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 438 მლნ ლარით (7%-ით) აღემატება, რაც განპირობებულია დღგ-სა (284 მლნ ლარით) და საშემოსავლო გადასახადის (235 მლნ ლარით) შესრულების მაჩვენებლების ზრდით. რაც შეეხება აქციზს, აღნიშნული გადასახადის სიდიდე (რომელიც 6 თვის გეგმასთან შედარებით უარყოფით გადახრას ავლენდა), 9 თვის დაგეგმილ მოცულობას 31 მლნ ლარით აჭარბებს, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 44 მლნ ლარით (4%-ით) აღემატება.
საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, აქციზის აღნიშნული დინამიკა ძირითადად გამოწვეულია იმპორტირებული პროდუქციიდან, კერძოდ, იმპორტული თამბაქოს დაბეგვრიდან და მსუბუქ ავტომობილებზე სააქციზო შემოსავლების შესაბამისად, 4.3%-ით და 7.3%-ით ზრდით . მოგების გადასახადის სახით მიღებული შემოსავლების დინამიკა (7%-ით შემცირება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) შესაძლებელია უკავშირდებოდეს მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესის ამოქმედებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადასახადების სახეების მიხედვით დინამიკის ანალიზისას (მათ შორის, სხვა გადასახადების მობილიზების დინამიკის ანალიზისას (9 თვის გეგმა - (-16 მლნ) ლარი, შესრულება - (-95.3) მლნ ლარი)) აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას 2016 წელს ერთიან სახაზინო კოდთან დაკავშირებით განხორციელებული რეფორმა, რომლის გავლენითაც დეკლარაციის ვადის დადგომამდე გადახდილი გადასახადის აღრიცხვა ხორციელდება „სხვა გადასახადის“ მუხლში (ძირითადად ეს ეხება საშემოსავლო გადასახადს), საიდანაც დეკლარაციის ვადის დადგომის შემდეგ ხდება მათი გადატანა გადასახადის შესაბამის სახეში.