საქსტატის მონაცემებით, III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონება მცირედით გაიაფდა, თუმცა წლის ჭრილში კვლავ ზრდა ფიქსირდება.
კერძოდ, 2024 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.9%-ით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 8% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 46.7%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
პუბლიკაციის მიხედვით, მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-1.1%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (-0.2%). ხოლო 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 7.5%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 9.7%-ით.