მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იკითხეთ ყველგან და არასოდეს, არასოდეს გაჩერდეთ“ - გაიცანით წიგნების თაროს მონაწილე ქეთო სიხარულიძე

642eca150dc7e
BM.GE
06.04.23 17:41
1079
“წიგნები ჩემი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილია და იმდენად დიდ ადგილს იკავებს, რომ ჩემთვის უცვლელ გატაცებად იქცა“, - ამბობს ქეთო სიხარულიძე, წიგნების თაროს ერთ-ერთი მონაწილე და პროექტში მიღებული გამოცდილების შესახებ გვესაუბრება.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წიგნების თარო წელს მეათე სტუდენტური სეზონით ბრუნდება და ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ საინტერესო გამოწვევას, განვითარების შესაძლებლობასა და აღმოჩენას ჰპირდება.

თუმცა, სანამ ახალ სეზონს გულშემატკივრების ამპლუაში შევუერთდებოდეთ, გადავწყვიტეთ, პროექტის გამორჩეული მონაწილეები გაგაცნოთ და მათი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.

„მიყვარს წიგნების სამყაროში მოგზაურობა... სხვადასხვა რომანებსა თუ ნაწარმოებებში სხვა წიგნების ალეგორიების ამოცნობა, ახალი ისტორიებისა თუ პერსონაჟების აღმოჩენა და ამოჩემება. სწორედ ამ გატაცების გამო გადავწყვიტე, ჩემი წიგნებისადმი სიყვარული თაროს პროექტში მონაწილეობით გამემყარებინა, გამეცნო სხვა ლიტერატურის მოყვარული ადამიანები და მათთან ერთად გამეგრძელებინა ახალი სამყაროების, წიგნების, ავტორებისა და პერსონაჟების აღმოჩენა“, - გვიყვება ქეთო.

ასე დაიწყო მისი თავგადასავალი წიგნების თაროს პროექტში, სადაც ის მეგობრებთან ერთად იღებდა მონაწილეობას. ქეთო ამბობს, რომ გადაცემებისთვის მზადების პროცესში მას საკუთარი ტიკტოკის „ბუკტოკ“ პლატფორმა ეხმარებოდა, რადგან გამომწერებისთვის რეკომენდაციების, განხილვებისა და სახალისო სკეტჩების შეთავაზების მიზნით ხშირად უწევდა წაკითხული წიგნებისთვის თვალის გადავლება, პერსონაჟების, სიუჟეტური ქარგების, ავტორებისა თუ წიგნების მახასიათებლების გახსენება. თუმცა, როგორც აღნიშნავს, წიგნების თაროს პროექტში ასპარეზობისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
„წიგნების თაროსთვის მზადება ძალიან ინტენსიური პროცესი იყო - ვკითხულობდი ახალ წიგნებს და მათ განხილვებს, ვიმეორებდი ძველ შეკითხვებს, ვუყურებდი წინა სეზონების თამაშებს... გადაცემის ჩაწერამდე ერთი კვირით ადრე კი სულმოუთქმელად ველოდი პროექტის დაწყებას, რათა საკუთარი თავი გამომეცადა“, - გვიყვება ქეთო.

როგორც აღნიშნავს, პირველი თამაში მცირე სხვაობით წააგეს, თუმცა ის ემოციები და გამოცდილება, რომელიც პროექტში მონაწილეობამ მათ მისცა, ნამდვილად ღირდა.

“ჩემთვის წიგნების თარო მხოლოდ პროექტი არ არის, ამ ადგილს რაღაც სხვა, განსაკუთრებული აქვს, რასაც თავად თაროელები ქმნიან - იქნება ეს შაბათობები, სხვადასხვა შიდა თამაშები, მრავალი განსხვავებული და საინტერესო აქტივობა თუ რა... მოკლედ, წიგნების თარო ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ფართოდ გაშლილი ხელებით გხვდება და შემეცნების დიდ შესაძლებლობას გთავაზობს. ჩაწერებზე დასწრებაც ცალკე კულტურის ნაწილია, მოთამაშეებთან ერთად რომ ცდილობ ჩუმად გამოიცნო პასუხი, ისმენ საინტერესო საკითხებზე საუბრებს და ამით შენც ვარჯიშობ, იზრდები, ვითარდები...“, - ამბობს ქეთო და განმარტავს, რომ წიგნების თარო შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ინტეგრირდნენ, გაეცნონ, შეიმეცნონ, ისწავლონ და იხალისონ.

„სანამ თაროელი გავხდებოდი, ამ ოჯახზე ბევრი არ მსმენია, მოლოდინებიც სხვა არაფერი მქონდა გარდა უბრალოდ მონაწილეობისა... თუმცა იმაზე მეტი მივიღე ვიდრე ველოდი და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ რომ დღეს მეც თაროელი მქვია“, - აღნიშნავს ქეთო.

ლიტერატურის მნიშვნელობაზე საუბრისას კი ამბობს, რომ წიგნების კითხვა ადამიანის პიროვნულ ზრდას და განვითარებას განაპირობებს, რადგან ეხმარება ინდივიდებს, ემოციური კავშირი დაამყარონ საკუთარ თავთან, გარშემომყოფებთან და, ზოგადად, სამყაროსთან.

„დოჩანაშვილი ამბობდა, ყოველი ნორმალური წიგნის წაკითხვის შემდეგ ხდები იმაზე უკეთესი, ვიდრე აქამდე იყავიო. ჩემთვის ეს ზრდა, ანუ მუდმივი „მოძრაობა და მოძრაობა“ არის ერთგვარი ვალიდაციის წყარო, რომლითაც ვხვდები, რომ ვვითარდები. საზოგადოებისთვის შემეცნებითი მეცნიერებები და ლიტერატურა იყო და მუდამ იქნება კულტურის კერა, რომელიც ცდილობს, ადამიანური შეგრძნებების დონეზე დაიყვანოს ხელოვნება და თითოეული წაკითხული სიტყვა შენს რეალობას დაუახლოოს, ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს, როგორც ილია იტყოდა, „სარკე, ურიგობის გამოსასწორებლად“ ან მალამო შენი ცხოვრების ავკარგიანობის უტრირებისთვის. ამიტომაცაა რომ სოციუმში ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც სხვა წევრებს მოუწოდებს ლიტერატურასა და შემეცნებით მეცნიერებებთან ზიარებას, რადგან იცის, ეს ცოდნა საზოგადოებას როგორც ერთობასაც წაადგება და ინდივიდსაც“, - განმარტავს ქეთო.

როგორც ამბობს, ბევრი სამომავლო გეგმა და დიდი ჩანაფიქრები აქვს. სურს, მისი პლატფორმა, რომელიც წიგნების „აკვიატების“ შედეგად შეიქმნა, სხვებისთვის ინსპირაციის წყარო გახდეს. თუმცა, სანამ დიადი გეგმების განხორციელებას შეუდგება, თანატოლებს ურჩევს, რომ მუდმივად ეძიონ და არასოდეს შეუშინდნენ გამოწვევებს და არ გაჩერდნენ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად უწყობს ხელს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი 2020 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს წიგნების თაროს. პარტნიორობის ფარგლებში უკვე 223-მა სტუდენტმა მიიღო სატელევიზიო პროექტში მონაწილეობა.

საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობით არაერთი ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის შეიქმნა „წიგნების თაროს ონლაინ სკოლა“ მოსწავლეებისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით „წიგნების თაროს ონლაინ სკოლაში“ მონაწილეობა 1336-მა მოსწავლემ მიიღო.

(NS)