ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა. იგი პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ თანამდებობაზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას კახა კალაძე იკავებდა, რომელიც წელს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნების" კანდიდატია თბილისის მერის პოსტზე.
ილია ელოშვილი დღემდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო. 2002-2003 წლებში ის შპს "ოსტორ-ნიდერლანდების“ კონსულტანტი იყო; 2003-2004 წლებში შპს "გორგასალის", კომერციული მენეჯერი;
2004-2006 წლებში ილია ელოშვილი "გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია /PA Consulting Group"-ის დასავლეთ რეგიონის დირექტორის პოსტს იკავებდა;
2006-2007 წლებში ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის დირექტორი იყო; 2007 წელს ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2007-2008 წლებში შპს "ვისოლ პეტროლიუმის" გენერალური დირექტორის მოადგილე იყო; 2008 წელს ილია ელოშვილი "ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანიის“ გენერალური დირექტორი იყო; ილია ელოშვილი 2008-2010 წლებში ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.
2010-2011წლებში ილია ელოშვილი შპს "ნიუ ენერჯის“ ტექნიკური დირექტორი იყო; 2011-2012 წლებში კი ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის Tetra Tech Inc ხელმძღვანელის მოადგილე.

























