მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილია წულაია - "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლება "არქი ჯგუფისთვის" სოციალური პროექტია

5d037a1a20fde
შოთა ტყეშელაშვილი
14.06.19 15:00
3862
თბილისის მერიის მიერ დედაქალაქში ხრუშჩოვკების ჩანაცვლებაზე გამოცხადებულ ღია ინტერესთა გამოხატვაში კომპანია “ვარკეთილი დეველპმენტმა” გაიმარჯვა. კომპანია “არქი ჯგუფის” შემადგენელი ნაწილია, კომპანიამ საკუთარ თავზე ვარკეთილის რაიონში მდებარე ამორტიზებული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების ვალდებულება აიღო. კომპანიას სიმბოლურ ფასად გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც 5 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში კი მერია მიმდებარედ არსებული ავარიული ხრუშჩოვკების მაცხოვრებლებს გადაიყვანს.

BMG პროექტთან დაკავშირებით “არქი ჯგუფის” დამფუძნებელსა და "ქართული ოცნების" დეპუტატ ილია წულაიას ესაუბრა, რომლის თქმითაც ეს დედაქალაქში არსებული ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პირველი შემთხვევაა და შესაბამისად, მას მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა გააჩნია.

წულაიას თქმით, კომპანიას დედაქალაქის მერიისთვის 7 545 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართის გადაცემა დაევალა, რომლის საბაზრო ღირებულებაც 13-14 მილიონი ლარის ფარგლებშია. წულაიას თქმით, მისმა ბიზნესპარტნიორებმა ამ პროექტისთვის ბიზნეს ინტერესები გვერდზე გადადეს.

“ეს მიწის ნაკვეთი, თუ არ ვცდები, ორჯერ იყო გამოტანილი მანამდე და არავინ არ დაინტერესდა, ეს იგივე ვარიანტი იყო, რა კონკრეტული შეთავაზებაც მერიამ პარკინგებთან დაკავშირებით გააკეთა.

პარკინგების შემთხვევაში სახელმწიფო არაფერს არ იღებდა, ამ შემთხვევაში კი დედაქალაქის მერია იღებს დაახლოებით 7545 კვადრატულ მეტრ ფართს, რაც მიწის ღირებულებაზე ორჯერ მეტია. ანუ იმ მიწის ღირებულებაზე, რა ფასადაც არის ის შეფასებული. ამიტომ რადგან მერიას ამ შემთხვევაში სჭირდებოდა ფართები და არა თანხა, თან ასე ვთქვათ, უფრო სარფიანი გარიგება გამოდიოდა მერიისთვის, გამოიტანეს ტენდერზე, რათა კონკრეტულად მშენებლისგან მოეთხოვათ ფართები.

ჩვენთვის ეს უფრო სოციალური პროექტია, რომკომპანიამ ხელი შეუწყოს  მერიას, რათა "ხრუშჩოვკების" პროგრამა განხორციელდეს, აიღოს ფართები და დააკმაყოფილოს მოსახლეობა.

მერიის მიერ ამ პროგრამის მეშვეობით მიღებული უძრავი ქონების ღირებულება დაახლოებით 13-14 მილიონი ლარია. თავად მიწის ნაკვეთი კი შეფასებული იყო 5 მილიონ ლარად. ანუ რეალურად მერია ორ-ნახევარჯერ უფრო დიდ სარგებელს იღებს ამ პროექტიდან. გარდა ამისა, წარდგენა ხდება საბანკო გარანტიების და შესაბამისი ვალდებულებები აქვს დეველოპერს, რომელიც მას განახორციელებს. ამიტომ არ იყო დიდი ინტერესი დეველოპერული სექტორიდან.

მე ვთხოვე ჩემ პარტნიორებს კომპანია "არქიში" და მათაც ამ პროექტის ფინანსური ინტერესი გვერდზე გადადეს, პროექტი უფრო ნაკლებ მოგებაზე გათვალეს და სოციალურ პროექტში მიიღეს მონაწილეობა.

ვარკეთილში კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება კორპუსი, შემდეგ ეს ფართები მერიის მიერ გადაეცემა იმ ხალხს, ვისი კორპუსებიც არის ავარიული. შემდგომ მოხდება იმ 'ხრუშჩოვკების" დემონტაჟი და ალბათ ის მიწის ნაკვეთიც გავა ტენდერზე, რომ იმ ტერიტორიაზეც სხვა ხრუშჩოვკების ჩანაცვლება მოხდეს.

პროგრამა დაიწყო, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინტერესი გამოითქვა ამ სოციალურ პროექტზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ ფინანსური ინტერესები კომპანიამ მაქსიმალურად გვერდზე გადადო. მე მოვუწოდებ სხვა დეველოპერებსაც, რომ შემდგომში მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში, მართალია არ დარჩება იმდენი მოგება, მაგრამ ჩვენ ქალაქზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ რომ ვისაც აქვს რესურსი და საშუალება, ხრუშჩოვკების ჩანაცვლებაში მიიღოს მონაწილეობა,”- ამბობს ილია წულაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები