ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია ირწმუნება, რომ ილიაუნის ბიზნესის სკოლაში გამოცხადებული რეორგანიზაცია არავის წინააღმდეგ არაა მიმართული.
ამის შესახებ ზედანიამ „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, სადაც მასსა და ილიაუნის ბიზნესის სკოლის ყოფილ დეკან გიორგი ქადაგიძეს შორის დებატები მიმდინარეობს.
„ეს რეორგანიზაცია პიროვნულად არავის წინააღმდეგ მიმართული არ იყო. ჩვეულებრივ, ცვლილებებიი ძალიან ხშირად ხდება უნივერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტზეც მომხდარა; მათ შორის როდესაც ბატონი გიორგი ქადაგძე მოვიდა და დეკანად აირჩიეს, წინა დეკანი წავიდა. მას ჩაბარდა კვლევითი მიმართულება ბიზნესის ფაკულტეტზე. ძალიან წარმატებული იყო ის ერთი წელი, რომელიც მან იმუშავა. ძალიან ბევრი გრანტი მოვიზიდეთ“, - განაცხადა რექტორმა.
ამასთაბ, გიგა ზედანიას თქმითვე, სწორედ გიორგი ქადაგიძე იყო ის, ვინც ხშირად აკეთებდა მოთხოვნას, რომ მისი წარმოდგენები თუ სურვილები სწრაფად უნდა დაკმაყოფილებლიყო.
„ანუ ამ დინამიკაში, გასაკვირი სწორედ რომ არაფერი არ უნდა იყოს“, - აცხადებს ზედანია.
ილიაუნის რექტორმა ისიც აღნიშნა, რომ ბიზნესის სკოლაში არსებულ პრობლემებს უნივერსიტეტის მენეჯმენტიც ხედავდა.
„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბატონ გიორგი ქადაგიძეს ბიზნესის სკოლის დეკანობა შევთავაზეთ იყო ის, რომ ჩვენ ვხედავდით გარკვეულ პრობლემებს. მაგალითად, პრობლემებს იმის თაობაზე, რომ სხვა ფაკულტეტების მიმართ სტუდენტების ინტერესი იზრდებოდა, ბიზნესის ფაკულტეტის მიმართ კი, ინტერესი იკლებდა“, - განაცხადა რექტორმა.

























