განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, ყველაზე მეტი კითხვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო არსებობს. მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებით, უნივერსიტეტის რამდენიმე პროგრამამ და მისაღები კონტინგენტის რაოდენობამ ცვლილებები განიცადა.
მისი თქმით, რადიკალური ცვლილებები არც ერთი უნივერსიტეტის კვოტირების კუთხით არ იგეგმება.
"რაც შეეხება მისაღები გამოცდების მოსამზადებელ სტადიას, ამ მიმართულებითაც სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს და ყველა ვადა, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია, სრულად იქნება დაცული.
როგორც მახსოვს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს რამდენიმე პროგრამა და კვოტირების ნაწილი გარკვეული ტიპის ცვლილებებს დაექვემდებარა. მათ შორის, რამდენიმე პროგრამა დამატებულია, რომელიც უნივერსიტეტის მოთხოვნით გახდა უნიკალური. შესაბამისად, ამ მიმართულებით გარკვეული ტიპის ცვლილებები არის, მაგრამ რადიკალური ცვლილებები არც ერთი უნივერსიტეტის კვოტირების კუთხით არ იგეგმება", - განაცხადა გაბისონიამ.
ილიაუნისა და სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის ძალაში რჩება 5%-იანი ლიმიტი უცხოელი სტუდენტების მიღებაზე. ეს მაშინ, როცა კერძო უნივერსიტეტებს სამინისტრო კვოტების გაზრდასა და მეტ შემოსავალს ჰპირდება.
გარდა ამისა, უნივერსიტეტებს, მათ შორის ილიაუნისაც, მოუწევთ მომზადება „პიკური წლისთვის“, როდესაც სკოლას ერთდროულად მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები დაამთავრებენ. სამინისტრო ვარაუდობს, რომ აბიტურიენტთა რაოდენობა 60 000-ს მიაღწევს, რის გამოც შესაძლოა გარკვეული შეღავათები დაწესდეს.
კვოტების გასაჯაროებამდე, ის რაც უკვე განათლების სამინისტროდან ვიცით არის, ის რა პროგრამები გაუქმდა და რა დარჩა.
დარჩენილი პროგრამები და კვოტები
- დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები - 30 ადგილი;
- მათემატიკა - 20 ადგილი;
- ფიზიკა - 20 ადგილი;
- ბიოლოგია - 20 ადგილი;
- ისტორია - 20 ადგილი;
- ქართული ფილოლოგია - 20 ადგილი;
- ანგლისტიკა - 20 ადგილი;
- საფრანგეთისმცოდნეობა - 20 ადგილი;
- კომპიუტერული ინჟინერია - 20 ადგილი;
- კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო, ინგლისურენოვანი) - 20 ადგილი;
- სამოქალაქო ინჟინერია - 20 ადგილი;
- ადრეული ბავშვობა, განვითარება და განათლება - 20 ადგილი;
- გამოყენებითი გერმანისტიკა - 10 ადგილი;
- თავისუფალი მეცნიერებები - 10 ადგილი;
- სამოქალაქო ინჟინერია (ინგლისურენოვანი) - 15 ადგილი;
- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ინგლისურენოვანი) - 15 ადგილი.
გაუქმებული პროგრამები:
- სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები: სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები (ევროპა და ახლო აღმოსავლეთი), ლიტერატურათმცოდნეობა, რუსისტიკა, არქეოლოგია.
- ბიზნესი და ტექნოლოგიები: ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, ტურიზმი, საბანკო და საფინანსო საქმე), კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი), არქიტექტურა, ეკოლოგია.
- ხელოვნება და კულტურა: კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, მუსიკა, გამოყენებითი ხელოვნება (მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის), გრაფიკის ხელოვნება.
- განათლება: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლასები) ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.




























