ილონ მასკის სოციალურმა პლატფორმა X-მა (ყოფილი Twitter) განაცხადა, რომ მყისიერი შეტყობინებების აპლიკაცია, XChat-ი IOS სისტემაზე 17 აპრილს ჩაეშვება - ეს ნაბიჯი მასკის სტრატეგიის ნაწილია, რაც ჩინური WeChat-ის მსგავსი სუპერაპლიკაციის შექმნას გულისხმობს.
კომპანიის ცნობით, XChat-ი მომხმარებლებს ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრას (end-to-end encryption), ხმოვან და ვიდეო ზარებს, გაქრობად შეტყობინებებს, ეკრანის ანაბეჭდის (ე.წ. screenshot) დაბლოკვასა და გაგზავნილი შეტყობინების გაუქმების ფუნქციას შესთავაზებს.
Android ვერსიის გამოშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. მასკი, რომელმაც Twitter-ი 2022 წელს შეიძინა, WeChat-ს ხშირად ასახელებდა მოდელად ისეთი პლატფორმის შესაქმნელად, რომელიც მიმოწერას, გადახდებსა და სხვადასხვა სერვისს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
XChat-ი სწორედ ამ სტრატეგიის საკომუნიკაციო ბირთვად მოიაზრება.
ახალი აპლიკაციის შიდა ტესტირება 2025 წლის მაისში დაიწყო, ხოლო 2026 წლის მარტში, X-ის 500 მილიონზე მეტი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლის ბაზაზე, iOS სისტემისთვის მისი საჯარო ბეტა ვერსია ამოქმედდა.
აპლიკაცია პროგრამირების ენა Rust-ზეა შექმნილი და რეგისტრაციისთვის ტელეფონის ნომერს არ ითხოვს.




























