ილონ მასკი კაცობრიობის ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონების შეფასებამ $400 მილიარდს გადააჭარბა. თუმცა მილიარდერი აქ არ გაჩერდა — ახლა, Bloomberg-ის მონაცემებით, ილონ მასკი $447 მილიარდის ქონებას ფლობს, რითაც მეორე ადგილზე მყოფ ჯეფ ბეზოსს თითქმის $200 მილიარდით უსწრებს, რაც დაახლოებით იმ მოცულობის თანხაა, რაც ალჟირის მთლიანი შიდა პროდუქტი. თავად ილონ მასკის ქონების შედარება ბანგლადეშის ეკონომიკასთან შეიძლება. მილიარდერი ქვეყანა რომ ყოფილიყო, მსოფლიოში 35-ე ადგილს დაიკავებდა.
წლის დასაწყისიდან დღემდე, ილონ მასკი ერთბაშად $218 მილიარდით გამდიდრდა, რაც პირდაპირ უკავშირდება იმ მხარდაჭერას, რომელიც მილიარდერმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს აღუთქვა. ილონ მასკი, როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის კამპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი გახდა და მოგვიანებით, პოლიტიკაშიც ჩაერთო, რადგან ინაუგურაციის შემდეგ ის “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის” ხელმძღვანელად დაინიშნება და ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტის $2 ტრილიონით შემცირებას შეეცდება.
გუშინდელი დღე, ილონ მასკისთვის საკმაოდ წარმატებული იყო, რადგან მილიარდერის ქონების შეფასებამ ერთ დღეში $62.8 მილიარდით იმატა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ილონ მასკის გამდიდრების ფონზე, მსოფლიოს ხუთასი უმდიდრესი ადამიანის ქონების ჯამურმა შეფასებამ $10 ტრილიონს გადააჭარბა, რაც ასევე ისტორიაში პირველად მოხდა. შედეგად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჯამურად იმ მოცულობის აქტივებს ფლობენ, რამდენსაც გერმანიის, იაპონიის და ავსტრალიის მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამი უდრის.
ილონ მასკის ქონების შეფასების ზრდა, როგორც გითხარით, უმეტესწილად დონალდ ტრამპის ფაქტორს უკავშირდება, მაგრამ მილიარდერის გამდიდრება ასევე უკავშირდება მისი კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის შეფასების $350 მილიარდამდე გაზრდას, რითაც ის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპი გახდა. ილონ მასკი, როგორც ცნობილია, SpaceX-ის დამფუძნებელია და დაახლოებით 14%-იან წილს ფლობს, რომელიც, დღეს, $50 მილიარდადაა შეფასებული. SpaceX-თან ერთად, ბოლო პერიოდში მკვეთრად, კერძოდ 140%-ით გაძვირდა Tesla-ს აქციები, რაც ილონ მასკის მთავარი აქტივია.