მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკი პოლიტიკაში მოდის — რისი შეცვლა სურს მილიარდერს?

ილონ მასკი / დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი პოლიტიკაში ერთვება. ილონ მასკი “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტს” ჩაიბარებს, რომელიც აშშ-ში ამ დრომდე არ არსებობს, ანუ ის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ნოუჰაუ იქნება. ილონ მასკთან ერთად, ახალი დეპარტამენტის მმართველად დონალდ ტრამპმა წლევანდელი საპრეზიდენტო დავის ერთ-ერთი მონაწილე, რესპუბლიკელი აქტივისტი და ანტრეპრენიორი, ვივეკ რამასვამი დანიშნა. ამგვარად, აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა ილონ მასკისთვის წინასაარჩევნოდ მიცემული პირობა აღასრულა.

საქმე ისაა, რომ “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის” შექმნის იდეა ეკუთვნის არა დონალდ ტრამპს, არამედ თავად მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს. ილონ მასკს აშშ-ის ფედერალური მთავრობის საქმიანობის სრული აუდიტის ჩატარების იდეა გაუჩნდა, რომელიც ტრამპს გაუზიარა და მოაწონა. შედეგად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ გაიმარჯვებს, ამ დავალებას აუცილებლად შეასრულებს და მის აღმსრულებლად ილონ მასკს დანიშნავს. იმ დროს, ამ საკითხს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი თავად გამოეხმაურა და თქვა, რომ ერთი სული აქვს, შრომას შეუდგეს, რადგან ფედერალურ დონეზე, მისი თქმით, ბევრი უსარგებლო რეგულაციაა, რომელიც გაუქმებას საჭიროებს.

დიდი ფედერალური აუდიტის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ახალი დეპარტამენტის შექმნას დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და სიახლეს დიდი განცხადება მიუძღვნა, რომელშიც ილონ მასკს დიდებულ პიროვნებას, ვივეკ რამასვამის კი — ამერიკის პატრიოტს უწოდებს. თავად ეს იდეა, დონალდ ტრამპის შეფასებით, იმ მასშტაბის იქნება, რომ მისი შედარება 1940-იანი წლების “მანჰეტენის პროექტთან” შეიძლება, რომლის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რობერტ ოპენჰაიმერის მეთაურობით, პირველი ატომური ბომბი შექმნა.

“მოხარული ვარ განვაცხადო, რომ დიადი ილონ მასკი და ამერიკელი პატრიოტი, ვივეკ რამასვამი “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტს” (DOGE) უხელმძღვანელებენ. ამ ორი დიდებული ამერიკელის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩემი ადმინისტრაციის პირობებში შესაძლებელი იქნება, როგორც სამთავრობო ბიუროკრატიის დაშლა, ასევე ზედმეტი რეგულაციების გაუქმება, უყაირათო დანახარჯების შემცირება და ფედერალური სააგენტოს გარდაქმნა, რაც აუცილებელია აშშ-ის გადასარჩენად. “ეს ცვლილებები სისტემას და სამთავრობო სახსრების ფლანგვაში ჩართულ ადამიანებს ააზანზარებს”, - განაცხადა ილონ მასკმა.

შესაძლოა, ეს ჩვენი დროის “მანჰეტენის პროექტად” იქცეს. რა ხანია, რაც რესპუბლიკელი პოლიტიკოსები DOGE-ის მიზნების აღსრულებაზე ოცნებობენ. ამ მასშტაბის ცვლილების დასაწყებად, “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი” საგარეო მრჩევლის როლს მოირგებს და ღრმა სტრუქტურული რეფორმის დაძვრისთვის და ამ დრომდე არნახული ანტრეპრენიორული მიდგომის დასანერგად, თეთრ სახლთან და მართვისა და ბიუჯეტის დეპარტამენტთან ერთად იმუშავებს.

ერთი სული მაქვს, ილონ მასკმა და ვივეკ რამასვამიმ ფედერალური ბიუროკრატია ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შეცვალონ და, ამავდროულად, ყველა ამერიკელის ცხოვრება გააუმჯობესონ. ამ გზით აშშ-ის ყოველწლიური $6.5-ტრილიონიანი სამთავრობო ბიუჯეტიდან უმიზნო ხარჯებს და თაღლითურ ელემენტებს ამოვიღებთ. ისინი ერთად იმუშავებენ ჩვენი ეკონომიკის გათავისუფლებისთვის, რათა აშშ-ის მთავრობა მოქალაქეების დაქვემდებარებაში მოაქციონ. დეპარტამენტის მუშაობა დასრულდება არაუგვიანეს 2026 წლის 4 ივლისისა, რადგან შემცირებული, მეტად ეფექტიანი და ნაკლებად ბიუროკრატიული მთავრობა იდეალური საჩუქარი იქნება ამერიკისთვის, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250-ე წლისთავს იზეიმებს. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ეს გამოუვათ”, - ვკითხულობთ დონალდ ტრამპის განცხადებაში.

მაშ, რას გეგმავენ ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი და რა ელის ამერიკის შეერთებულ შტატებს? ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს დრო გვიჩვენებს, ახლა კი მხოლოდ გეგმების ანალიზი შეგვიძლია. ერთი, რაც ამ ეტაპზე ილონ მასკის გამონათქვამებიდან ირკვევა ისაა, რომ “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის” შექმნა პრობლემას შეუქმნის არა დემოკრატიას, არამედ — ბიუროკრატიას. ილონ მასკს ფედერალური ბიუჯეტის შემცირება სურს, თანაც არა რამდენიმე მილიონით ან მილიარდით, არამედ ერთბაშად ორი ტრილიონი დოლარით, რაც დაახლოებით იტალიის მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლია.

ილონ მასკი აცნობიერებს, რომ სამთავრობო ბიუროკრატიის დიდი ნაწილის, მათ შორის, განათლების დეპარტამენტის, ანუ განათლების სამინისტროს და ეროვნული საჯარო რადიოს გაუქმებით ბევრი ადამიანი დროებითი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება. ამ მხრივ მეტად რადიკალური შეხედულებებით გამოირჩევა ვივეკ რამასვამი, რომელსაც განათლების დეპარტამენტთან ერთად ფედერალური საგამოძიებო სამსახურის, იგივე FBI-ის გაუქმება სურს, მაგრამ მოხდება თუ არა ეს, ჯერჯერობით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ ხელისუფლებაში ღრმა და ყოვლისმომცველი რეფორმები გატარდეს, რაც მილიონობით ადამიანისთვის საკმაოდ სტაბილური სამსახურის დაკარგვის ტოლფასი იქნება, დონალდ ტრამპს აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერა დასჭირდება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამისთვის, დონალდ ტრამპი “პრეზიდენტის რეორგანიზაციის აქტით” გათვალისწინებულ უპირატესობებს მიიღებს, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილებად დაშლის საშუალებას მისცემს. ეს ის უფლებაა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, უკანასკნელად, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის დროს გამოიყენა.

კონკრეტულად რა როლს შეასრულებენ ახლად შექმნილ დეპარტამენტში ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი, ამ დრომდე, უცნობია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივე ანტრეპრენიორს საკუთარი ინტერესები აქვს. ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ი აშშ-ის ხელისუფლების ერთ-ერთი უდიდესი კონტრაქტორია, ხოლო Tesla პლანეტის უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ჩინეთთან მიმდინარე სავაჭრო ომის და ჩინური ელექტრომობილების აღზევების პირობებში განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ილონ მასკის ინტერესი დიდია ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებითაც, რომლის რეგულირებაში ის, სავარაუდოდ, თავად ჩაერთვება.

აქვე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ თავად “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი”, რომლის სახელწოდება ინგლისურად ასე ჟღერს — Department of Government Efficiency, ანუ DOGE. ამ სახელწოდების კრიპტოვალუტა ენთუზიასტებში საკმაოდ ცნობილია და ის ირიბადაა ასოცირებული თავად ილონ მასკთან. დღეს, DOGE-ის ფასი ერთ მონეტაზე $0.39-ის ტოლია, რაც დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ 105%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ერთწლიან პერიოდში, DOGE-ის ფასი ერთბაშად 460%-ით არის გაძვირებული, მაგრამ თავად ეს კრიპტოვალუტა არანაირ რეალურ ღირებულებას არ ქმნის, რადგან ის ე.წ. “მიმი ვალუტების” კატეგორიას განეკუთვნება, რაც, თავის წილ, დიდ მერყეობას ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები