გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში გამართულ ანტისაიმიგრაციო მრავალრიცხოვან მიტინგს ილონ მასკმა მიმართა. ის შეკრებილ ასობით ათას ადამიანს ციფრულად ჩაერთო და “რევოლუციური სამთავრობო ცვლილებების” მნიშვნელობაზე ესაუბრა. მასკის თქმით, ბრიტანეთს ახლა სხვა გზა, გარდა მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა აღარ აქვს დარჩენილი. “ან იბრძოლებთ, ან მოკვდებით” - განუცხადა მილიარდერმა შეკრებილ მომიტინგეებს. ილონ მასკმა დისტანციური ჩართვისას ბრიტანეთის პარლამენტის დათხოვნაც მოითხოვა და მთავრობა ჩვეულებრივი მოქალაქეების მივიწყებაში დაადანაშაულა.
სხვადასხვა ცნობით, აქციაზე 150,000-დან 500,000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. აქცია, რომელმაც გარკვეულ ეტაპზე ძალადობრივი ხასიათი მიიღო და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკურმა აქტივისტმა, ტომი რობინსონმა დააორგანიზა. მისი დაახლოება ილონ მასკთან, მეტწილად, სწორედ შეხედულებების თანხვედრას უკავშირდება. თავად მულტი მილიარდერი ბიზნესმენი ბრიტანული პოლიტიკით ბოლო რამდენიმე თვეში დაინტერესდა და არაერთ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით საკუთარი მკაფიო პოზიციაც გამოხატა. მათ შორის იყო ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოს, ნაიჯელ ფარაჟთან დაპირისპირებაც, რომელსაც პირველ ეტაპზე მომავალ პრემიერს უწოდებდა, შემდეგ კი მისსავე პარტიაში მისი გადაყენების მოწოდებით გამოვიდა.
უცნობია, აქვს თუ არა მასკს ღია პოლიტიკური გეგმები ბრიტანეთთან მიმართებით, თუმცა მისი გამოჩენა ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ აქციაზე პოლიტიკური ელიტის ნაწილმა უკვე შეაფასა უცხო ქვეყნის საქმეში ჩარევად და მასკს ანტისამთავრობო მოწოდებების გაჟღერებისგან თავის შეკავება ურჩია.




























