თეთრი სახლის პრესსპიკერ კაროლინა ლევიატის განცხადებით, ამერიკული პოლიტიკურ გამოცემა POLITICO-ს ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულიდან “არც ერთი ცენტი” აღარ გადაეცემა. მისი თქმით, POLITICO-სთვის დაფინანსების შეწყვეტას “მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი” (DOGE) და მისი ხელმძღვანელი, ილონ მასკი გაუძღვებიან.
თეთრმა სახლმა პოლიტიკური მედიაორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღმოაჩინა, რომ გამოცემამ საწევრო გადასახდებითა და კონტრაქტებით მთავრობისგან $8 მილიონზე მეტი მიიღო.
USASPending.Gov-ის თანახმად, შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან $8.1 მილიონი POLITICO-ს რამდენიმე კონტრაქტის საფუძველზე გადაეცა, რომელთა ნაწილიც ასობით ათას დოლარად იყო შეფასებული, სამთავრობო ფინანსები იხარჯებოდა მედიის ვებგვერდის გამოწერის სერვისით სარგებლობაშიც.
“შემიძლია დავადასტურო, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულიდან $8 მილიონზე მეტი Politico-ს გამოწერის სუბსიდირებას მოხმარდა. ეს აღარ განმეორდება. DOGE-ის გუნდი გადახდების გაუქმებაზე უკვე მუშაობს”, - განაცხადა პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ფედერალური მთავრობის საბიუჯეტო წიგნს ეტაპობრივად მიყვება და ყველა ტრანზაქცია, რომელიც ამერიკელთა ინტერესს არ ემსახურება, გაუქმდება.