მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანსა და სოციალური ქსელის დირექტორთა საბჭოს მიერ მიღწეული შეთანხმებითა და ილონ მასკის მიერ Twitter-ის 100%-იანი წილის $44 მილიარდ დოლარად შეძენით დიდ სარგებელს აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი Morgan Stanley იღებს.
მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს დირექტორი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია და Forbes-ის მიერ მისი ქონება დაახლოებით 240 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ის მაინც საჭიროებს ბანკების მხრიდან დახმარების მიღებას.
ილონ მასკის ქონების უდიდეს ნაწილის მისი კომპანიები და საინვესტიციო პორტფელი შეადგენს, Twitter-ის შესაძენად საჭირო 44 მილიარდი დოლარი კი, ცხადია, მას ნაღდი ფულის სახით საბანკო ანგარიშზე არ ჰქონდა შენახული.
Twitter-ის შესაძენად მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა Morgan Stanley-ს მიმართა, რომელიც წლებია მისი ფავორიტი საინვესტიციო ბანკია. უოლ-სტრიტის გიგანტი მასკს 25.5 მილიარდი დოლარის მოპოვებაში დაეხმარა, აქედან $12.5 მილიარდი საბანკო სესხია, რომელიც Tesla-ს აქციებითაა დაზღვეული.
როგორც წესი, მსგავსი მასშტაბის ტრანზაქციების სანაცვლოდ საინვესტიციო ბანკები 1-3%-იან საკომისიოს იღებენ. $44-მილიარდიანი გარიგების შემთხვევაში, Morgan Stanley-ს მიერ მიღებული პოტენციური სარგებელი დაახლოებით $440 მილიონ - $1.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Morgan Stanley ნიუ-იორკში 1935 წელს დაფუძნდა და ის მსოფლიოს მასშტაბით 75,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს. 2021 წლის მონაცემებით, ბანკი 1.1 ტრილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს აკონტროლებს და ის უოლ-სტრიტზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი საფინანსო ორგანიზაციაა.
აღსანიშნავია, გასულ 5 წელში ამერიკულ საფონდო ბირჟაზე Morgan Stanley-ს აქციების ღირებულება თითქმის 90%-ით გაიზარდა, ორგანიზაციის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 145 მილიარდ დოლარს შეადგენს.
საინვესტიციო შესაძლებლობა:
გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის, მათ შორის, MORGAN STANLEY-ს აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.