მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკის მტკიცებით, Grok-ი წლის ბოლომდე "ოდისეას" "ზუსტ" ეკრანიზაციას შექმნის

ილონ მასკი ოდისეა

ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა Grok Imagine ჰომეროსის "ოდისეას" "ისტორიულად ზუსტ" ეკრანიზაციას შექმნის. SpaceX-ის დამფუძნებლის ეს განცხადება მოჰყვა კრისტოფერ ნოლანის ახალი ბლოკბასტერის წარმატებას, რომელსაც მასკი რეგულარულად აკრიტიკებდა სამსახიობო კასთინგის გამო.

სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში მასკმა დაწერა: "ამ წლის დასრულებამდე Grok Imagine "ოდისეას" სრულმეტრაჟიან ფილმს შექმნის, რომელიც იქნება ისტორიულად ზუსტი და ჰომეროსის შემოქმედების ერთგული". მასკმა ასევე გააზიარა პოსტი, რომელშიც მოცემული იყო მომხმარებლის მიერ Grok Imagine-ის მეშვეობით გენერირებული სამწუთიანი ვიდეო, სადაც ნაჩვენებია სცენა ოდისევსსა და ნიმფა კალიფსოს შორის.

კრისტოფერ ნოლანის "ოდისეა" ეკრანებზე გასულ პარასკევს გამოვიდა, თითქმის საყოველთაო აღიარება მოიპოვა და შთამბეჭდავი სალარო შემოსავლებიც აჩვენა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს პირველი ტრილიონერი ეკრანიზაციას ჯერ კიდევ გამოსვლამდე აკრიტიკებდა.

ფილმის პრემიერამდე მასკმა შეურაცხმყოფელი პოსტები გააზიარა, რომლებიც ნოლანის კასთინგის გადაწყვეტილებებისკენ იყო მიმართული. კერძოდ, რეჟისორმა ელენე ტროელის როლზე შავკანიანი მსახიობი ლუპიტა ნიონგო დაამტკიცა, სინონის როლზე კი - ტრანსგენდერი მსახიობი ელიოტ პეიჯი. მასკმა განაცხადა, რომ "[ნოლანს] ჯილდოების მიღება სურს" და მან "პრინციპულობა დაკარგა".

თუმცა, მასკის მცდელობებს, როგორც ჩანს, დიდი გავლენა არ მოუხდენია. "ოდისეამ" პირველსავე უქმეებზე გლობალურ გაქირავებაში 264 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა, ხოლო კინოპორტალ Rotten Tomatoes-ზე მაყურებელთა მოწონების მაჩვენებელმა 97% შეადგინა.

პარალელურად, თავად რეჟისორმა საკმაოდ მკაცრად შეაფასა ხელოვნური ინტელექტის შესაძლო გავლენა კინოინდუსტრიაზე: "მოსაზრება, რომ ის სრულად ჩაანაცვლებს ადამიანებს და ადამიანურ შემოქმედებას, ჩემთვის სისულელეა".

"ჯერ არ მინახავს ტექნოლოგია, რომელიც ასე წარმატებით აითვისეს უოლ-სტრიტმა, ინვესტორებმა და ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, თუმცა საზოგადოებამ ის ასე რადიკალურად უარყო", - განაცხადა კრისტოფერ ნოლანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები