xAI-ს მიერ შექმნილმა ჩეთბოტმა, Grok-მა მომხმარებლებს ასწავლა, თუ რა გზით უნდა მოკლან თავად კომპანიის დამფუძნებელი, ილონ მასკი. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტების ხელში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც Grok-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მიმოწერა ყოფილი Twitter-ის, იგივე X-ის გვერდზე გადააზიარა და მისი ხილვის უფლება გარეშე პირებსაც მისცა.
აღსანიშნავია, რომ Grok-მა მომხმარებელს არამარტო მასკის მოკვლის, არამედ ბომბისა და ნარკოტიკული საშუალების დამზადების ინსტრუქციაც გაუზიარა. ასევე დადგინდა, რომ ჩეტბოტი დაინტერესებულ პირებს თვით-დაზიანებების მიყენებასაც ასწავლის. ინფორმაციის გავრცელებამ კომპანიის მიმართ კრიტიკის ახალი ტალღის აგორება გამოიწვია.
ხელოვნური ინტელექტის სფეროს ანალიტიკოსები შიშობენ, რომ თუ xAI ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს და Grok-ის ჩეტბოტის უსაფრთხოების პარამეტრებს არ შეცვლის, კომპანია იმაზე მძიმე სკანდალში გაეხვევა, ვიდრე რამდენიმე დღის წინ სემ ალტმანის OpenAI აღმოჩნდა. შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ ChatGPT-სთან კომუნიკაციის შემდეგ სუიციდური ფიქრების მქონე არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილის ოჯახმა ხელი სწორედ კომპანიას დაადო.
კრიტიკის საპასუხოდ, xAI-მ Grok-ის უსაფრთხოების პარამეტრები შეცვალა და ხელოვნურ ინტელექტს დაავალა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბომბისა თუ ნარკოტიკის დამზადების, ან სხვა სახის დანაშაულის ჩადენის ინსტრუქციებს მოითხოვს, პირდაპირ მენტალური ჯანმრთელობის ინსტიტუტებისკენ გადაამისამართოს.




























