მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ხელოვნური ინტელექტის კომპანია მორიგი საინვესტიციო რაუნდისთვის ემზადება, რომლის შემდეგ xAI-ის შეფასება, შესაძლოა, $50 მილიარდამდე გაიზარდოს.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას $6 მილიარდის მოზიდვა სურს, რომელსაც ილონ მასკის კომპანია დატაცენტრისთვის გამოიყენებს, რომელსაც xAI მემფისში აშენებს. ილონ მასკი დატაცენტრისთვის 100,000 ერთეული AI-პროცესორის ყიდვას გეგმავს, რომელთაც xAI-ის ხელოვნური ინტელექტი, Grok-ი და Tesla-ს თვითმართვადი ტექნოლოგია უნდა გამოკვებონ. ინვესტიციის უდიდეს ნაწილს არაბი ინვესტორები მოაბილიზებენ, ხოლო დანარჩენზე xAI-ის უკვე არსებული ინვესტორები აგებენ პასუხს.
საინტერესოა, რომ xAI-ის გარდა, საინვესტიციო რაუნდს ილონ მასკის კიდევ ერთი კომპანია, SpaceX-იც მართავს. როგორც ირკვევა, კოსმოსური კომპანიის შეფასება, შესაძლოა, $255 მილიარდამდე გაიზარდოს. თუ გარიგება ამ პირობებით მართლაც შედგა, SpaceX-ი ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ძვირად ღირებული კერძო კომპანია გახდება და მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპის წოდებას შეინარჩუნებს. ეს სიმბოლური ტიტული ილონ მასკისთვის ახალი არ არის, რადგან SpaceX-ი ამ დრომდეც საკმაოდ ძვირად, კერძოდ $210 მილიარდად იყო შეფასებული.
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპების სიაში პირველ ადგილს ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელის, TikTok-ის მფლობელი ჩინური ჰოლდინგი, ByteDance-ი ფლობს, რომელმაც დეკემბერში საკუთარი აქციები $268-მილიარდიანი შეფასებით გამოისყიდა. გამორიცხული არ არის, რომ SpaceX-ის მიმდინარე საინვესტიციო რაუნდის დროს აქციები სწორედ კომპანიის უკვე არსებულმა დიდმა აქციონერებმა გამოისყიდონ. აღნიშნული საინვესტიციო რაუნდი დახურული იქნება, ხოლო აქციების გასხვისებას და ბოლოდროინდელი ფინანსური მოგების დაფიქსირებას SpaceX-ის თანამშრომლები შეძლებენ.
ახალი საინვესტიციო რაუნდის თაობაზე ილონ მასკს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, მაგრამ როგორც მილიარდერმა მანამდე აღნიშნა, კომპანიას ლიკვიდობის პრობლემა არ აქვს, ხოლო თანამშრომლებისა და ინვესტორების ფინანსური ლიკვიდურობის გაზრდაზე ორიენტირებულ საინვესტიციო რაუნდებს კომპანია ექვს თვეში ერთხელ ატარებს. ის, რასაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ამბობს, წესით და რიგით, სიმართლე უნდა იყოს, რადგან SpaceX-ი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი კოსმოსური კონტრაქტორია, რომელიც, ამავდროულად, სატელიტური ინტერნეტის ბიზნესსაც ფლობს.
ილონ მასკის კომპანიების მკვეთრი გაძვირება პირდაპირ უკავშირდება მილიარდერის პოლიტიკურ გააქტიურებას. მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ხალხმა მომავალ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩია, საფონდო ბირჟებზე და კრიპტოინდუსტრიაში აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია შეიმჩნევა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, Tesla-ს აქციების ფასი 32%-ით არის მომატებული. SpaceX-ისა და xAI-ის შეფასების ზრდა, სწორედ ამ ტენდენციის გაგრძელებად შეგვიძლია ჩავთვალოთ.