მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კუთვნილმა ტექნოლოგიურმა კომპანია xAI-მ კოლორადოს შტატის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
როგორც ირკვევა, ის მიზნად შტატის დონეზე ხელოვნური ინტელექტის სისტემების რეგულირების გასაჩივრებას ისახავს. განმარტებისთვის, დავა ეხება კანონს, რომელიც ძალაში 30 ივნისს უნდა შევიდეს და დეველოპერებს ე.წ. „მაღალი რისკის“ მქონე AI სისტემებზე გამჭვირვალობისა და რისკების შემცირების ვალდებულებას აკისრებს.
აღნიშნული რეგულაციები ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა დასაქმება, განათლება, ჯანდაცვა, ფინანსური სერვისები და საცხოვრებელი უძრავი ქონება.
xAI-ს იურისტები ამტკიცებენ, რომ ახალი კანონი აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას ეწინააღმდეგება, რადგან დეველოპერებს სისტემების დიზაინს უზღუდავს და სადავო საზოგადოებრივ საკითხებზე კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებას აიძულებს. კომპანიის განცხადებით, რეგულაცია მას აიძულებს, ფლაგმანი მოდელი Grok-ი შტატის სუბიექტურ ხედვებს მოარგოს, რაც ობიექტურობასა და ინოვაციებს საფრთხეს შეუქმნის. კომპანია მიიჩნევს, რომ შტატების დონეზე არსებული განსხვავებული წესები ბაზარზე კონკურენციას აფერხებს და ხელს უშლის აშშ-ის ლიდერობას ტექნოლოგიურ სექტორში. როგორც ირკვევა, მთავარი საფრთხე, რომელსაც მასკი ხედავს, შტატის დონეზე მაგალითის დაშვებაა. xAI-ში აცხადებენ, რომ თუ ერთი კონკრეტული შტატი მაინც მოახერხებს რეგულაციების გატანას, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებას და ტექ-კომპანიებისთვის შეზღუდვების დაწესებას დანარჩენ 49 შტატშიც ცდიან.




























