მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკის xAI-მ დამატებით $10 მილიარდი მოიზიდა

xAI

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ხელოვნური ინტელექტის კომპანიამ მორიგი საინვესტიციო რაუნდი დახურა, რომლის ფარგლებში $10 მილიარდი მოიზიდა. თანხის ნახევარი xAI-მ Morgan Stanley-ისგან ისესხა, დანარჩენის სანაცვლოდ კი — წილი გაყიდა. ამ თანხას ილონ მასკი მძლავრი მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად და Grok-ის განვითარებისთვის გამოიყენებს.

როგორც ილონ მასკმა მაისში განაცხადა, ქალაქ მემფისში მდებარე დატაცენტრი xAI-მ 200,000 გრაფიკული პროცესორით აღჭურვა, მაგრამ მილიარდერს სურს AI-ის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთამაშე იყოს, GPU-ების რაოდენობა საგრძნობლად უნდა გაზარდოს. როგორც ადრე ითქვა, პირველ ეტაპზე, GPU-ების რაოდენობა სულ მცირე მილიონამდე გაიზრდება.

პარალელურად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ე.წ. “სუპერ აპის” შექმნას განაგრძობს. რამდენიმე თვის წინ, xAI-მ სოციალური ქსელი X შეიძინა, რა დროსაც ახალი კომპანიის, xAI Holdings Corporation-ის შეფასება $113 მილიარდი გახდა. შეიცვალა თუ არა კომპანიის შეფასება ბოლო $10-მილიარდიანი რაუნდის შემდეგ, ჯერჯერობით, უცნობია.

საინტერესოა, რომ რამდენიმე კვირით ადრე, ამ გარიგებაზე Bloomberg-ი წერდა. გამოცემის დათვლებით, xAI თვეში $1 მილიარდის ნაღდ ფულს ხარჯავს, მაგრამ შემოსავალს კომპანია ჯერ არ იღებს. დეფიციტის ამოსავსებად, ილონ მასკი საინვესტიციო რაუნდის გამოცხადებას გეგმავდა — როგორც ჩანს, საუბარი სწორედ ამ რაუნდზე იყო.

xAI-ის დიდი დანახარჯები მოულოდნელი არ არის, მეტიც — ეს ინდუსტრიის სტანდარტია. AI-ის განვითარებას დიდძალი ენერგეტიკული და გამოთვლითი რესურსი სჭირდება, რაც დღეს ძვირი სიამოვნებაა. საუკეთესო AI-მოდელის შექმნა საუკეთესო პროცესორებს მოითხოვს, რაც კომპანიას მილიარდობით დოლარი უჯდება. Carlyle Group-ის შეფასებით, 2030 წლისთვის AI-ის განვითარებისთვის კომპანიები $1.8 ტრილიონს დახარჯავენ და ამ მხრივ დიდი კონტრიბუტორი xAI-იც იქნება.

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე მომუშავე კომპანიების უდიდესი ნაწილი ფინანსურ ანგარიშგებას საჯაროდ არ ავრცელებს, მაგრამ მედიაში გარკვეული მონაცემები მაინც ვრცელდება. ამ მხრივ, ყველაზე კარგად საქმე OpenAI-ის და Anrthopic-ს აქვთ, რომელთაც დიდი ენობრივი მოდელები ბაზარზე შედარებით ადრე გამოიტანეს და შემოსავლის მიღების წყაროები დაალაგეს, ილონ მასკის xAI-ისგან განსხვავებით. Bloomberg-ის ინფორმაციით, OpenAI წელს $12.7 მილიარდის შემოსავალს ელოდება, როცა xAI-ის საპროგნოზო შემოსავალი წელს $500 მილიონია, მომავალ წელს კი მხოლოდ $2 მილიარდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები