ელექტრომობილების გიგანტის, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა შესაძლოა კომპანია დატოვოს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა, რობინ დენოლმა წევრებს წერილობით აცნობა. როგორც დენოლი განმარტავს, თუ 6 ნოემბრის ყოველწლიურ შეხვედრამდე დირექტორთა საბჭოს წევრები და აქციონერები ილონ მასკისთვის $1-ტრილიონიანი საკომპენსაციო პაკეტის გაცემაზე არ შეთანხმდებიან, მასკი აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დატოვებს.
აქვე უნდა განიმარტოს, რომ მასკი $1-ტრილიონიან პაკეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ კომპანიის საბაზრო შეფასება მომდევნო წლების განმავლობაში $8.5 ტრილიონს მიაღწევს. ამასთან, დათქმა მოიცავს თვითმართვადი ტრანსპორტისა და რობოტების მიმართულებით მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გარღვევის მიღწევას. თუ მასკის ხელმძღვანელობით Tesla ამ შედეგს დადებს, ის $1-ტრილიონიან ანაზღაურებას 12-ეტაპად მიიღებს, საიდანაც უდიდესი ნაწილი კომპანიის აქციები იქნება.
როგორც დენოლი განმარტავს, Tesla-ს განვითარებისთვის ილონ მასკის ხელმძღვანელობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამასთან, თუ მილიარდერი $8.5-ტრილიონიანი ნიშნულის მიღწევას შეძლევს, $1-ტრილიონიანი ანაზღაურება სწორედაც რომ დამსახურებული გასამრჯელო იქნება. დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, თუ კომპანია მასკის სურვილს არ გაითვალისწინებს, ის Tesla-ს მიმართ ინტერესს სრულად დაკარგავს, რაც კომპანიის გრძელვადიან გეგმებზე უმძიმესად აისახება.
$1-ტრილიონიანი ჩეკის დამტკიცების გარდა, დენოლი დირექტორთა საბჭოში მყოფებს დამატებით წევრებად მასკთან დაკავშირებული 3 პირის არჩევასაც ურჩევს, რადგან, მისი განმარტებით, მასკი დაპირებული მიზნის მიღწევას საბჭოში საკუთარი წარმომადგენლების გარეშე ვერ შეძლებს.




























