SpaceX- ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა კოსმოსური რაკეტის Starship-ის შიდა განყოფილების ვიდეო გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკმა ახალი კოსმოსური ხომალდი რამდენიმე დღის წინ წარადგინა. მოწყობილობამ ადამიანები მთვარესა და მარსზე უნდა გადაიყვანოს. Starship-ი სხვა კოსმოსური ხომალდებისგან განსხვავებით, ფოლადისაგან არის დამზადებული, შესაბამისად, უფრო მარტივი დიზაინი აქვს, მის ასაშენებლად კი, მცირე დრო დასჭირდათ. ის სიგრძეში 50 მეტრია.
როგორც ილონ მასკმა ტეხასის შტატში, SpaceX-ის კომპლექსში პრეზენტაციის დროს განაცხადა, კოსმოსური ხომალდი Starship-ი ორბიტაზე 6 თვის განმავლობაში მოხვდება. პირველი საცდელი ფრენა კი, 20 კილომეტრის სიმაღლეზე, მომდევნო - 1-2 თვეში შედგება.
"Starship-ი შეძლებს დიდი რაოდენობით ტვირთისა და ადამიანების გადაყვანას, რაც უმნიშვნელოვანესია მთვარესა და მარსზე ქალაქების ასაშენებლად", - დასძინა ილონ მასკმა.
კოსმოსური კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს სურს, რომ მომავალში კაცობრიობა "მულტიპლანეტური სახეობის" გახდეს. სწორედ ამ მიზნით Tesla-ს მილიარდერმა შეფმა აღნიშნული ფირმა 2002 წელს დააარსა.
როგორც მილიარდერმა 2016 წელს განაცხადა, SpaceX ადამიანებს მარსზე 2024 წელს გააგზავნის.