მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკს სურს, აშშ-ის ხაზინის გადარიცხვები ბლოკჩეინზე გადაიტანოს

ილონ მასკი

ამერიკის შეერთებული შტატების “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის” ხელმძღვანელი, ილონ მასკი გეგმავს, ხაზინის დეპარტამენტის გადარიცხვები სრულად გააციფრულოს და ინფორმაცია ბლოკჩეინზე დაიტანოს, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ტრანზაქციები საჯარო გახდება. მას შემდეგ, რაც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა X-ზე დაწერა, რომ ხაზინის დეპარტამენტის თანამშრომლები კანონს ყოველი დღის ყოველ საათს არღვევენ, რადგან თაღლითურ ან არაკანონიერ გადარიცხვებს ახორციელებენ, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჰკითხა, ხომ არ იგეგმება ინფორმაციის ბლოკჩეინზე გადატანა, რასაც მასკი დაეთანხმა.

საჯარო უწყებებში ბლოკჩეინის გამოყენების იდეა ახალი არ არის, პირიქით — განაწილებული დავთრის ტექნოლოგიის დანერგვაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალი წელია მსჯელობენ, მაგრამ ამ იდეის რეალიზაციას პოლიტიკური ნება სჭირდება. ბლოკჩეინის გამოყენებით, ტრანზაქციები, შესაძლოა, უფრო სწრაფი, გამჭვირვალე და უსაფრთხო გახდეს, რაც “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტს” და ზოგადად ხელისუფლებას საჯარო დანახარჯების აღრიცხვის და კონტროლის საშუალებას მისცემს.

კონკრეტულად რას გულისხმობს ილონ მასკი, ჯერჯერობით, უცნობია, რაც, თავის წილ, კითხვის ნიშნებს აჩენს. საქმე ისაა, რომ ინფორმაციის ბლოკჩეინზე გადატანა, დიდწილად, მხოლოდ გაციფრულებას ნიშნავს, რადგან მთავარი ისაა, თუ რა ტიპის ბლოკჩეინზე არის საუბარი. თუკი სახაზინო დეპარტამენტი დახურულ ბლოკჩეინს გამოიყენებს, დიდწილად, არაფერი შეიცვლება, ასე რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტიპის ბლოკჩეინი იქნება გამოყენებული. ამასთან, თავად ეს გადაწყვეტილება გვაფიქრებინებს ცენტრალური ბანკის მიერ საკუთარი ვალუტის შექმნაზე, რაც ცალკე სასაუბრო თემაა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც ბოლო თვეებში დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელი გახდა, აშშ-ის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე გავლენას უკვე ფორმალურადაც ახდენს. DOGE-ის აკრონიმით ცნობილი “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი” არ არის ტიპური დეპარტამენტი, ანუ სამინისტრო, რადგან ის არის არა კონგრესის მიერ აღიარებული საკონსტიტუციო უწყება, არამედ პრეზიდენტის ოფისთან არსებული საკონსულტაციო საბჭო, რომლის მანდატი ფედერალური ბიუჯეტის მკვეთრი შემცირება იქნება.

აქვე, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ თავად ბლოკჩეინზე, რომლის საფუძველი განაწილებული დავთრის ტექნოლოგიაა, რომელიც, მრავალ ჩართულ მხარეს შორის ინფორმაციის შენახვისა და გაზიარების ახლებური, სრულად დეცენტრალიზებული სისტემაა - ის ერთგვარი საზიარო მონაცემთა ბაზაა, რომლის გამოყენება სისტემაში ჩართულ ყველა მხარეს, მყისიერად და ნებისმიერ დროს შეუძლია. ბლოკჩეინი DLT-სისტემებში მონაცემთა შენახვის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელიც შინაარსობრივად, ინფორმაციის უნიკალური ბლოკებისგან შემდგარ და კრიპტოგრაფიულად დაცულ ჯაჭვს გულისხმობს. ამ ჯაჭვში შემავალი თითოეული ბლოკი შეიცავს წინა ბლოკის შესახებ ინფორმაციას, ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას და დროის მაჩვენებელს - ამასთანავე, თითოეული ბლოკი უნიკალურია, რაც მის ასლის შექმნას, შეცვლას ან ამოშლას შეუძლებელს ხდის.

ბლოკჩეინის თითოეული ბლოკის უნიკალურობის დასადგენად და ქსელში ტრანზაქციების გასატარებლად, აუცილებელია ამ ბლოკების ვერიფიკაცია - აქ, საქმეში დეცენტრალიზებული სერვერები, ე.წ. „მაინერები“ ერთვებიან. მას შემდეგ, რაც ბლოკჩეინზე ახალი ტრანზაქცია აისახება, სისტემაში ჩართულ ყველა მაინერს მის შესახებ შეტყობინება ეგზავნება, რომელსაც თან, ურთულესი კრიპტოგრაფიულ-მათემატიკური ამოცანა ახლავს. ამ ამოცანის ამოხსნის შემთხვევაში, კონკრეტულ ბლოკი კანონიერების ტესტს გადის და ბლოკჩეინზე ინტეგრირდება, როგორც შესრულებული ტრანზაქცია, ამ მოქმედების შესახებ ინფორმაცია კი - ქსელში ჩართულ ყველა მაინერს ეგზავნება.

აღსანიშნავია, რომ ბლოკჩეინში გასატარებელი ტრანზაქციების ვალიდაციისთვის, სხვადასხვა ბლოკჩეინები განსხვავებულ პროტოკოლებს მიმართავენ: ბიტკოინის ბლოკჩეინი, მაგალითად, სისტემაში ახალი ბლოკის გამოჩენისას, თანდართული კრიპტოგრაფიულ-მათემატიკური ამოცანის ამოხსნისთვის მაინერებს ერთმანეთთან აჯიბრებს და გამარჯვებულს ბიტკოინით აჯილდოებს - ამგვარი პროტოკოლი, რომელსაც Proof of Work-ი (PoW) ეწოდება საკმაოდ არაენერგოეფექტურია. აი, სწორედ ამ პროტოკოლს ეფუძნება ბიტკოინი და ჯილდო, რომელსაც დეცენტრალიზებული სერვერები იღებენ, სწორედ გამომუშავების იმ დონეზე არის დამოკიდებული, რომელსაც ჰალვინგი ადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები