მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იმ სფეროებში, სადაც კადრების დეფიციტია, მიგრაციული შრომითი რესურსის შემოყვანა უნდა დავუშვათ - შოთა ბერეკაშვილი

შოთა ბერეკაშვილი

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი აცხადებს, რომ 1-ელი მარტიდან უცხოელების დასაქმების შეზღუდვა მთავრობის მხრიდან შრომითი მიგრაციის საკითხისადმი სისტემური მიდგომაა. BMG-ისთან გადაწყვეტილების შეფასებისას "ქართული ოცნების" წევრი აცხადებს, რომ დარგებში, სადაც ჭარბი მიწოდებაა ადგილობრივი შრომითი ბაზარი დაცული უნდა იყოს, ხოლო სადაც დეფიციტია უცხოელი მუშახელის შემოყვანის რესურსი უნდა არსებობდეს.

"შეფასების ძალიან მარტივი კრიტერიუმი არსებობს: საქართველოში იმ მიმართულებებზე, სადაც სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდებაა, ჩვენ უნდა დავიცვათ ადგილობრივი შრომითი ბაზარი. იმ სფეროებში, სადაც დეფიციტია - მოთხოვნა მაღალია და მიწოდება დაბალი, უნდა დავუშვათ მიგრაციული შრომითი რესურსის შემოყვანა. ამ გადაწყვეტილებაში კარგი ის არის, რომ ეს სისტემური მიდგომაა. ჩვენ გვაქვს საშუალება, შრომითი ბაზარი სწორად შევაფასოთ და იქ, სადაც დეფიციტია, გრძელვადიან პერსპექტივაში ვიმუშაოთ ადგილობრივი კადრების მომზადება-გადამზადებასა და ქართულ ეკონომიკაში მათ ინტეგრაციაზე", - განაცხადა ბერეკაშვილმა.

მთავრობამ შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი დაამტკიცა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონს ეფუძნება, ძალაში 2026 წლის 1 მარტიდან შევა.

თუმცა დადგენილების მიხედვით, დაწესდა გარდამავალი პერიოდი - უკვე თვითდასაქმებულ უცხოელებზე რეგულაცია 2026 წლის 1 მაისიდან დაიწყებს მოქმედებას. აქტიური რეგისტრაციის მქონე შრომითმა იმიგრანტებმა კი, 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა მოიპოვონ შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა. დადგენილების მიხედვით, მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები