მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იმ სტატუს-კვოთი, რაც ახლა გვაქვს, ისტორიის სწორ მხარეს ვერ აღმოვჩნდებით" - შოთა ღვინერია

შოთა

EPRC-ის უფროსი მკვლევრის, შოთა ღვინერიას თქმით, იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ახალი წესრიგი ყალიბდება, საქართველომ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რომელ მხარეს ირჩევს, რადგან, პოლიტიკური გავლენის სფეროების გადანაწილების შემდეგ ქვეყანას უკან დაბრუნების შანსი აღარ ექნება. მან ამის შესახებ "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

"ის არჩევანი, რომელიც ჩვენ დიდი ხსნის წინ გვქონდა გაკეთებული (ყოველ შემთხვევაში, გვეგონა რომ გვქონდა), ვგულისხმობ დასავლური დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას და ევროინტეგრაციის არჩევანს, დღეს “ქართულმა ოცნებამ” პირდაპირ გამოაცხადა, რომ არის შეჩერებული და ამ მიმართულებით აღარ ვმოძრაობთ. ყველა დასავლელი ლიდერი და ყველა ქვეყანა, ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა, ამბობენ, რომ საქართველო აღარ არის ევროინტეგრაციის გზაზე და ნაცვლად სანდო პარტნიორისა, გადაიქცა ქვეყნად, რომლის სახელისუფლებო ბირთვი დასანქცირებულია ყოფილი სტრატეგიული პარტნიორების მიერ.

არჩევანი, რომელიც ქვეყანამ უნდა გააკეთოს, ძალიან მკაფიოდაა დასაფიქსირებელი. ადამიანები როცა ამბობენ, არც ამერიკა გვინდა და არც რუსეთი, ნეიტრალური პოზიცია დავაფიქისიროთო, ეს არის სრული აბსურდი. ამწუთას უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის პოზიციონირება. როცა მსოფლიოში ახალი გადანაწილება მიდის და ძალთა ბალანსი ყალიბდება, ის, თუ ქართული არჩევანი როგორ და რა ფორმით მოხვდება იმ მაგიდასთან, სადაც ეს საკითხები წყდება, მნიშვნელოვანია. ამას მოლაპარაკებების დასრულების მერე ვეღარ შევცვლით, იმ სტატუს-კვოთი ვიქნებით წარმოდგენილი, რაც ახლა გვაქვს და არ გვაქვს შანსი, რომ ისტორიის სწორ მხარეს აღმოვჩნდეთ", - განაცხადა შოთა ღვინერიამ.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, რომ თუ ქვეყანას პრორუსი ხელისუფლება ეყოლება, რუსეთი საქართველოს თავისი გავლენის სფეროში მოსაქცევად ყველა ბერკეტს გამოიყენებს და ამისთვის არც დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

"ახალი მსოფლიო წესრიგი ახლა ყალიბდება, არ ვიცით, საბოლოო ჯამში ეს გეოპოლიტიკური ვითარება როგორ დაჯდება და ჩვენც გადაწყვეტით ვერ ვიტყვით, რომელ მხარეს აღმოჩნდება საქართველო ძალთა ბალანსის განაწილების პირობებში. პირველ რიგში, აქცენტი უნდა გავაკეთოთ არა იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის, თუ რა არჩევანს ვაკეთებთ დღეს. როცა ტრამპი და პუტინი სხედან მოლაპარაკებების მაგიდასთან და საუბრობენ უკრაინაზე, ამ საუბარში რეგიონში სხვა კონფლიქტების თემაც ხომ წამოიჭრება; როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს კონტექსტის შემოტანა ამ დიდ სურათში მოლაპარაკებების მაგიდასთან? რომ ტრამპი და პუტინი, ან დავარქვათ აშშ და რუსეთი, საუბრობენ ამ გეოგრაფიულ გადანაწილებაზე და რას ამბობენ? რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელიც არის პირდაპირი დანამატი პუტინის რეჟიმის, არის ავტორიტარული წარმონაქმნი, რომელიც პუტინის მმართველობის ზუსტ კოპირებას ახდენს, ავტორიტარიზმისკენაა მიდრეკილი, მიიტაცა არჩევნები და აზრი დაუკარგა მათ ჩატარებას და ძალადობს საკუთარ მოსახლეობაზე. ამ პირობებში, საქართველოსთან მიმართებით, აშშ-რუსეთის დიალოგი როგორ შეიძლება რომ წარიმართოს? რა თქმა უნდა, რუსეთი ყველანაირად შეეცდება და გამოიყენებს ყველა შესაძლო ბერკეტს, მოახდენს ზემოქმედებას პროცესზე იმ მიმართულებით, რომ თქვას, საქართველო ისედაც ჩვენკენ მოძრაობს და მოდი, აღარ გვინდა ამაზე საუბარი. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამერიკელებს როგორ არ უნდა უნდოდეთ ან აწყობდეთ, პუტინს დაუწყონ კამათი იმაზე, რომ ახლა კი არის "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, მაგრამ არ წარმოადგენენ ხალხის სურვილსო?", - ამბობს შოთა ღვინერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები