Imagine Dragons-ის კონცერტის ყველა ბილეთი რეკორდულ დროში - 7 საათში გაიყიდა - ეს პოსტი TKT.GE-მ 11 მაისს დაახლოებით 23:30 საათზე გაავრცელა.
საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში 31 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე Imagine Dragons-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა 11 მაისს 12:00 საათზე დაანონსდა, თუმცა 16:00 საათზე დაიწყო და ბენდის გულშემატკივრებს ბილეთების შესაძენად TKT.GE-ს ვებგვერდზე რამდენიმესაათიანი რიგის დაკავება უწევდათ. ბილეთის ღირებულება კი სექტორების მიხედვით 100-დან 1000 ლარამდე იყო.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების სრულად გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ BM.GE გაყიდული ბილეთების რაოდენობითა და საერთო მოცულობიდან უცხოელებზე გაყიდული ბილეთების წილით დაინტერესდა.
როგორც TKT.GE-ს ადმინისტრაციაში კონცერტის ორგანიზატორი „ბლექ სი არენას“ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ: „მიხეილ მესხის სტადიონზე კონცერტზე დასწრება სრულად 30 000 ადამიანს შეუძლია, შესაბამისად, გუშინ 7 საათში 30 000 ბილეთი გაიყიდა. აქედან 20% კი უცხოელებმა შეიძინეს“.
TKT.GE-ს ადმინისტრაციაში გაყიდული ბილეთების ჯამურ ღირებულებაზე ვერ საუბრობენ.