„Imagine Dragons-ის“ კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. მყიდველებს შორის არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე კონცერტზე დასწრების მსურველები სხვადასხვა ქვეყნიდან. ყველა ბილეთი 7 საათში გაიყიდა.
შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი „Imagine Dragons-ს” კამპანია „Starring Georgia-ს“ ფარგლებში უმასპინძლებს. კამპანია „Starring Georgia“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „The Killers”, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.
„Imagine Dragons” ამერიკული როკ-ბენდია, რომელიც ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ მუსიკალურ პროექტად მიიჩნევა. მილიონობით გაყიდული ალბომის და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით, ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს.
„Mercury-ის“ ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოს ეწვევა, ნამდვილი „ვარსკვლავთცვენაა“, რადგან ტურნე მოიცავს ყველა იმ ჰიტს, რომლის დამსახურებითაც, „Imagine Dragons“ ნამდვილი „სუპერსტარების“ ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით.
(რ)