“თბილისის საფონდო ბირჟის ტექნიკური განახლება ბაზარზე საცალო და ინსტიტუციური ინვესტორების აქტივობის გაზრდას ემსახურება” - თბილისის საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბირჟის მთავარი ამოცანა მოხერხებული, მაღალი წვდომის მქონე სავაჭრო ინფრასტრუქტურის შექმნაა. ის აცხადებს, რომ ამ მიზნით უახლოეს თვეებში პლატფორმას დამატებითი ფუნქციონალები ექნება, რაც ინვესტორებს საშუალებას მისცემს, ბირჟაზე უფრო მარტივად ივაჭრონ. ამ დროისთვის ბირჟაზე 20 კომპანიის ობლიგაციებია დალისტული, მათ შორის ორი - “საქართველოს ბანკის” და “თეგეტა მოტორსის” ფასიანი ქაღალდები A კატეგორიის ლისტინგშია.
თბილისის საფონდო ბირჟისგან განსხვავებით შედარებით აქტიურია საქართველოს საფონდო ბირჟა. წლის დასაწყისიდან დღემდე ბირჟაზე 54 გარიგება დაიდო, პლატფორმაზე კი ჯამში 73,6 მილიონი ლარის ღირებულების 4,3 მილიარდი აქციაა დალისტული. ბირჟის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ თბილისის საფონდო ბირჟა ტექნიკურად უფრო თანამედროვე და ვაჭრობისთვის მოსახერხებელი პლატფორმაა.
“თბილისის საფონდო ბირჟას გააჩნია უფრო მეტად თანამედროვე და ტექნოლოგიურად განვითარებული სავაჭრო პლატფორმა. შესაბამისად, ლისტინგისა და ვაჭრობის მოხერხებულობით გვინდა, რომ გავზარდოთ ინვესტორების ბაზა, რადგან წვდომა საერთაშორისო და ლოკალური დონეზე თბილისის საფონდო ბირჟას უფრო მაღალი აქვს.
შესაბამისად, [საქართველოს საფონდო ბირჟის ] ალტერნატივა იმიტომ იყო გაკეთებული, რომ მეტი შესაძლებლობა მისცემოდა პროფესიონალ მონაწილეებს და ასევე ინვესტორებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ტექნოლოგიური განახლებები, რასაც წლის ბოლომდე მოვრჩებით, ასევე მოიზიდავს საცალო ინვესტორებს. ჩვენ სპეციალურად მათთვის ვაკეთებთ შესაბამის მონაცემთა მიმოცვლის შრეს, რომელიც საშუალებას მისცემს მათ მონაწილეობა მიიღონ ვაჭრობაში, რა თქმა უნდა, ბროკერების გავლით.
ბევრი მომისმენია საყვედური, რომ საქართველოს, თუ გინდა თბილისის საფონდო ბირჟას არ აქვს ლიკვიდურობა. ლიკვიდურობა რომ ჰქონდეს, როგორც მაღაზიაში, ისე უნდა იდოს იქ პროდუქტი, რომელიც საინტერესოა. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალი საინტერესო ინსტრუმენტების გამოშვებას. იმიტომ რომ ახლანდელი ბაზარი არის ძალიან მეჩხერი ანუ სიღრმე არ აქვს ბაზარს, არის მარტო ობლიგაციები.
აუცილებელია მთელი ბაზრის ჩართულობა, დაინტერესებული პირების, მათ შორის მარეგულირებლის, მათ შორის კანონმდებლების, რომ მიაქციონ ყურადღება იმ ინიციატივებს, რომლებიც ჩვენგანაც მოდის, ბაზრისგანაც მოდის. მაგალითად, ვთვლით, რომ უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტები რომ იქნება ძალიან კარგი მაპროვოცირებელი ამის”, - აცხადებს გიორგი ამზაშვილი.
























