მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იმედი L"-დან საინვესტიციო კომპანიამდე - ნუცა კოღუაშვილის ახალი "მწვანე" ბიზნესი

595f9f6acfa87
სალომე მეცხვარიშვილი
11.07.17 12:55
7958
სადაზღვევო კომპანია "იმედი L-ის" გენერალური დირექტორის პოსტის დატოვების შედეგ ნუცა კოღუაშვილმა კომპანია Dotgreen Investment-ში გადაინაცვლა. კომპანია საქართველოში მწვანე მიმართულებით განვითარებას ისახავს მიზნად. Dotgreen-ს რამდენიმე მიმართულებით სურს ინვესტირება, მათ შორის ელექტროავტომობილებში, განახლებად ენერგიაში, ორგანული საკვების განვითარებაში.

"DotGreen-ში გვჯერა, რომ საქართველოს შეუძლია და უნდა გახდეს კიდეც პირველი "მწვანე ქვეყანა" მსოფლიო რუქაზე. DotGreen Investments ინვესტირებას განახორციელებს იმ პროექტებში, რომელიც ხელს შეუწყოს საქართველოში მწვანე გარემოს ჩამოყალიბებას",- მოცემულია კომპანიის აღწერილობაში.

"საქმის კურსთან" საუბრისას კომპანიის დირექტორი ნუცა კოღუაშვილი ამბობს, რომ პირველი პროექტი, რომელიც კომპანიამ დაიწყო ჯანსაღი პროდუქტის ხელმისაწვდომობაა. შედეგად "დოთგრინმა" აგროსასურსათო ქსელი „გემორჩეული“ ჩამოაყალიბა. მაღაზიათა ქსელი ამჯერად თბილისში 2 მისამართზე ფუნქციონირებს, 3 წლის განმავლობაში კი 50-მდე მაღაზიის გახსნა იგეგმება თბილისის მასშტაბით.

"პირველი პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ არის ჯანსაღი საკვების ხელმისაწვდომობა ურბანულ ზონებში. სწორედ ეს იდეა იყო "გემორჩეულის" უკან. ჯანსაღ ეკოსისტემაში ბევრი კომპონენტი შედის, რა თქმა უნდა, ეს არის ჰაერი, რას მიირთმევ, რა სოციუმში იმყოფები და ა.შ.

"გემორჩეულის" შექმნისას დავიწყეთ ფერმებთან ურთიერთობა, მაგრამ ჯანსაღი საკვების მოძიება საქართველოში ძალიან გაგვიჭირდა, საკმაოდ გართულდა ისეთი პროდუქციის მოძიება, რომელიც არ შეიცავს შხამ-ქიმიკატებს ან პროდუქტში ამ ნივთიერებების მოცულობა ძალიან გადაჭარბებული არ არის დადგენილი ნორმებიდან. ამიტომ სამომავლოდ „გემორჩეული“ მოიაზრებს საკუთარი მეურნეობის განვითარებასაც. ამჯერად ისეთ ფერმერებს, რომლებიც აწარმოებენ ორგანულ პროდუქციას, ფინანსურად ვეხმარებით, რათა გააფართოვონ საკუთარი წარმოება",- ამბობს ნუცა კოღუაშვილი.

მისივე თქმით, მათი მიზანია, ადამიანები მიეჩვივნონ, რომ ავტოფარეხში არ შეიძინონ პროდუქცია, რადგან ის შეიწოვს მანქანის გამონაბოლქვს, შესაბამისად, შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას.

ნუცა კოღუაშვილს სჯერა, რომ თუ ქვეყნის პოლიტიკა ორგანული საკვების წარმოება გახდება, საქართველო სოფლის მეურნეობაში დიდ წარმატებას მიაღწევს, რადგანაც აწარმოებს ცოტა, თუმცა, ძვირიან პროდუქციას, რომელზეც მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა იზრდება.

რაც შეეხება კომპანიის სხვა მიმართულებებს, რომელიც მწვანე გარემოს განვითარებას გულისხმობს, ნუცა კოღუაშვილი აცხადებს, რომ კომპანია აპირებს, ხელი შეუწყოს ელექტრომობილების პოპულარიზაციას.

"დოთგრინი" აპირებს, მარკეტინგული კამპანია აწარმოოს ელექტრომობილების მიმართულებით და საზოგადოებაში ცნობიერება აამაღლოს, მომავალში კი ელექტროსკუტერები შემოიყვანოს.

"არსებობს ელექტროსკუტერები, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომია. შესაბამის სქემას გავაკეთებთ ფინანსურ კომპანიებთან ერთად, რის შედეგადაც შესაძლებელა, რომ ეს ტრანსპორტი სტუდენტისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს",- ამბობს ნუცა კოღუაშვილი.

ფოტო: Forbes Georgia

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები