„კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველი პარტნიორის ზვიად კორძაძის აზრით, „ადვოკატურა მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელი ინსტრუმენტია, რომელიც თვითონ სახელმწიფომ შექმნა და ის ფუნქცია, რომელიც ადვოკატს გააჩნია მართლმსაჯულების სისტემაში უნიკალურია“.
ამის შესახებ ზვიად კორძაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა, რომლის მთავარი თემა ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები იყო.
ზვიად კორძაძე წარმოადგენს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას [სიფა], რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მონაწილეობს - „სიფას“ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატები ჰყავს და მხარდაჭერას ითხოვს ადვოკატებისგან, მაგრამ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატურა არ დაუყენებია.
თავად ზვიად კორძაძე სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატია.
ცნობილია, რომ "საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია" ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მონაწილე თავმჯდომარეობის გამოკვეთილი სამი კანდიდატიდან ორთან - ირაკლი ჩომახაშვილთან და მუხრან ღურწკაიასთან თანამშრომლობს.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია („სიფა“) მიიჩნევს, რომ ასოციაციას არ სჭირდება ერთპიროვნული მმართველი და კოალიციური პრინციპებით მუშაობა ადვოკატურის გამოწვევებზე საპასუხოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„აღმასრულებელ საბჭოში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბება იქნება, რომელიც თავისი არსით განსხვავებულია“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ „წერტილთან“ ინტერვიუში და ვრცლად ისაუბრა, რატომაა 14 დეკემბრის არჩევნები გადამწყვეტი ადვოკატთა პროფესიისთვის.
რატომ არის 14 დეკემბრის არჩევნები გადამწყვეტი?
ზვიად კორძაძის განმარტებით, არჩევნების გადამწყვეტობა განპირობებულია სრული განახლებით, რაც ასოციაციაში ახალ ხედვებსა და მიდგომებს შემოიტანს, თუმცა მთავარ პრობლემად „სიფა“ ადვოკატთა ასოციაციაში არსებულ ერთპიროვნულ, ვერტიკალურ მმართველობას მიიჩნევს.
„ჩვენ, „სიფას“ წევრი ადვოკატები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შექმნილი ვითარების გამო. ის, რაც მთლიანად ქვეყანას სჭირდებოდა და სამწუხაროდ, დიდ პოლიტიკურ ასპარეზზე ვერ მოხერხდა - ერთობა და კოალიციური მმართველობა, უნდა მოხერხდეს ახლა და აქ. სწორედ ადვოკატები ვართ ის მთავარი ფარი იმ გამოწვევების პირისპირ, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ შეთანხმებას პრინციპებზე, როგორ დავიცავთ სხვებს?“ - ეწერა არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ „სიფას“ განცხადებაში.
კოალიციური მმართველობა - „ადვოკატურას უფროსი არ სჭირდება“
ზვიად კორძაძემ „წერტილთან“ ინტერვიუში „სიფას“ ინიციატივაც გააჟღერა, რომელიც ახალი არაა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის აღმასრულებელი საბჭოს მიერ არჩევას გულისხმობს.
„ჩვენ გვგონია, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს უნდა ირჩევდეს აღმასრულებელი საბჭო, მას არ უნდა ჰქონდეს აკრძალული საადვოკატო საქმიანობა და ის ორ წელიწადში ერთხელ უნდა იცვლებოდეს... ზოგადად, ვხედავთ, რომ ადვოკატურას არ სჭირდება უფროსი... ადვოკატები თავისუფალი პროფესიის ხალხი ვართ“, - აღნიშნა მან.
BMGTV-თან ინტერვიუში ზვიად კორძაძემ იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შედეგად, აღმასრულებელ საბჭოში ბევრი გუნდი იქნება წარმოდგენილი.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ადვოკატთა ასოციაციაში ჩატარებული არჩევნები იქნება წერტილის დასმა ადვოკატების გაყოფისა. იმედი მაქვს, რომ ამ ორი დღის განმავლობაში არაფერი მოხდება ისეთი, რომელიც გააღრმავებს გაყოფას და პირიქით, შეგვაძლებინებს და დაგვალაგებს... ჩემი გადასახედიდან, ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატია - არ ვსაუბრობ მხოლოდ თავმჯდომარის კანდიდატურებზე და ველი, რომ აღმასრულებელ საბჭოში ბევრი გუნდი იქნება წარმოდგენილი. ეს უკვე იმის წინაპირობა იქნება, რომ წერტილი დაესვას იმ დაპირისპირებას, რომელიც ვაღიარებ, დიდი ხნის განმავლობაში იყო და ახლაც არის ადვოკატთა ასოციაციაში.
თუ ჩვენ ეს შევძელით, მივცემთ გარკვეულ მაგალითს, ზოგადად, ქვეყანას, რომ შესაძლებელია, დაპირისპირებულმა მხარეებმაც რაღაცა კარგის ერთად გაკეთება შეძლოს...
იმედი მაქვს, ადვოკატები ისე მოვახერხებთ ორ დღის განმავლობაში ადვოკატთა კრების ჩატარებას, რომ საბოლოოდ, დამარცხების და გამარჯვების ერთმანეთისთვის მილოცვა შეგვეძლება“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.




























