მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედი მაქვს, კიდევ გადავადდება - დეგუსტოს დირექტორი პლასტმასის რეგულაციებზე

დეგუსტო

საკვები ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვის გადავადება ბიზნესისთვის დროული, თუმცა პრობლემის დროებითი გადაჭრაა - ასე აფასებს „დეგუსტოს“ დირექტორი სანდრო ნორაკიძე სამინისტროს გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, ეკოლოგიური მიზნით პლასტმასის მუყაოთი ჩანაცვლება პროდუქციის თვითღირებულებას მნიშვნელოვნად გაზრდის.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც ამ საკითხის აღსრულების დრო მოვა, ძალაში შესვლას კიდევ გარკვეული პერიოდით გადაავადებენ, რადგან ვინმე ხელახლა დაჯდება და ამ თემაზე იმსჯელებს. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მომხმარებლისთვის ფასის გაზრდას გამოიწვევს. პირობითად, თუ 500-გრამიანი პლასტმასის კონტეინერი 15 თეთრი ღირს, იმავე ზომის მუყაოს კონტეინერის ფასი 70 თეთრია. შესაბამისად, ყველა ობიექტი, რომელიც საკვებ პროდუქტს ყიდის და მომხმარებელს გასატანად კონტეინერით ატანს, იძულებული იქნება ეს ფასი პროდუქტის ღირებულებაში ასახოს. ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს, რომ კონტეინერზე რაიმე სახის მოგების მარჟა დავამატოთ, მაგრამ ხომ ხვდებით, რომ ამ ხარჯს საკუთარი ზარალის ხარჯზე ვერ დავაფინანსებთ? შედეგად კი პროდუქტი გაძვირდება. აი, ეს იქნება რეალური ეფექტი", - ამბობს ის.

დღეს, 6 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა. შედეგად სასურსათო კონტეინერების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1 იანვარი, ხოლო ერთჯერადი ჭიქების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1 ივლისი განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები