მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იმედია, ერთ წელიწადში, სრულად დავფარავთ პარტნიორი აფთიაქების ქსელებს" - Zarbazani Cosmetics

ზარბაზანი

ყურძნის კოსმეტიკური კომპანია "ზარბაზანი", რომელიც ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა, სააფთიაქო ქსელების სრულად დაფარვაზე მუშაობს. ბრენდის დამფუძნებელმა ალექსანდრე ბოლქვაძემ "ზარბაზნის" შექმნის იდეასა და სამომავლო გეგმებზე "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიის მიზანია, კონკურენცია გაუწიოს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიც, მაგალითად, ფრანგული Caudalie-ია.

"თავდაპირველად იყო ღვინის კომპანია, მაგრამ შემდეგ, როგორც ყველა ბიზნესმენი, მეც დავფიქრდი, თუ სად შეიძლებოდა მქონოდა კონკურენტული უპირატესობა. მოგეხსენებათ, ახლა ასობით ქართული [ღვინის] კომპანიაა, ძალიან დიდი კონკურენციაა, ბევრი წარმატება, ბევრიც - წარუმატებლობა.

ვიფიქრე, რომ ჩვენი მთავარი პროდუქტი - ყურძენი - დამეკავშირებინა ჩვენს მემკვიდრეობასთან, ყურძნის, ღვინის ქვეყანასთან და ა.შ. გადავწყვიტე, კოსმეტიკური საშუალებების მიმართულებით წავსულიყავი და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. საქართველოს ბაზარზე არსებობდა და არსებობს ფრანგული ბრენდი Caudalie. და ვიფიქრე, რომ გვაქვს შანსი, შევქმნათ ქართული ბრენდი, რომელიც თანაბარ კონკურენციაში შევა Caudalie-სთან და სხვა, იტალიურ ან ესპანურ ბრენდებთან. ამისთვის სერიოზული ფინანსური და პიროვნული რესურსი დავხარჯე.

დღესდღეობით წარმოდგენილი ვართ ფარმაცევტული ქსელების უმრავლესობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო "ფარმსახლს", "ავერსს" და პსპ-ს, რომ ამაში დაინახეს პოტენციალი. ჯერჯერობით წარმოდგენილი ვართ 30-იოდე ფილიალში თითოეულთან, მაგრამ ზრდისკენ ვართ მიმართული და იმედია, ნახევარ წელიწადში, ერთ წელიწადში სრულად დავფარავთ პარტნიორი აფთიაქების ქსელებს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამხელა მასშტაბზეა საუბარი, რომ იყო წარმოდგენილი, მაგალითად, ავერსის 300-ვე ან პსპ-ს 350 ფილიალში?! ძალიან დიდ მასშტაბზეა საუბარი და ამ მიმართულებით ვმუშაობთ", - განაცხადა ალექსანდრე ბოლქვაძემ BMG-ს ეთერში.

Zarbazani Cosmetics ღვინის კოსმეტიკის საწარმოა, რომელშიც 0,5 მილიონი ლარის ინვესტიციით 2021 წლის ნოემბერში ამოქმედდა. კომპანია ღვინისაგან ისეთ პროდუქციას ამზადებს, როგორიცაა: შამპუნი, შხაპის გელი, სამასაჟე ზეთი, თხევადი და მყარი საპონი და სხვა ჰიგიენის საშუალებები.

სააფთიაქო ქსელებთან ერთად, Zarbazani სასტუმროებთანაც თანამშრომლობს და მათი პროდუქცია 60-ზე მეტ სასტუმროშია წარმოდგენილი. ამასთან, ქართული კოსმეტიკა განთავსებულია Veli.Store-ზეც, სადაც პროდუქციის ფასი 12-დან 80 ლარამდე დიაპაზონში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები