"გასული წლიდან მოყოლებული, გვაქვს გარკვეული პრობლემები საქართველოს გავლით, რუსეთში სომხური საექსპორტო საქონლის ტრანზიტთან დაკავშირებით" - ამის შესახებ BMG-სთან სომხური გადამზიდავი კომპანია Mira Trans-ის გენერალური დირექტორი აშოტ მირაკიანი საუბრობს.
მისი თქმით, ქართულ საბაჟოზე ტვირთები ხშირად 25 დღის განმავლობაში ყოვნდება. როგორც მირაკიანი განმარტავს, პრობლემა ამ ეტაპზე, ძირითადად, მოგვარებულია, თუმცა, საკითხი, ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი პარტნიორობის ფარგლებში უნდა დარეგულირდეს.
„პრობლემებია სომხურ ბრენდი ბრენდის რუსეთში ტრანზიტთან დაკავშირებით - ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ეს ტვირთები ჩერდება საქართველოს საბაჟოზე, ექსპერტიზის მოლოდინში და ხშირად, 20–25 დღეც კი ყოვნდება, რის შემდეგაც ის რუსეთში მიდის. თუმცა, ასეთი პრობლემები მთავრობათაშორისი პარტნიორობის ფარგლებში გვარდება და იმედი მაქვს, მსგავსი პრობლემები აღარ გვექნება, ისევე როგორც ქართულ საქონელს არ აქვს პრობლემები სომხეთის გავლით ტრანზიტისას“ - აცხადებს აშოტ მირაკიანი BMG-სთან.
რაც შეეხება რუსეთის მიერ გარკვეული სომხური პროდუქციის აკრძალვას, მირაკიანი აღნიშნავს, რომ ეს ერთი მხრივ, დიდი დარტყმაა ექსპორტიორებისთვის, თუმცა, მეორე მხრივ - ბაზრების დივერსიფიკაციის საუკეთესო შესაძლებლობა.
„ეს ძალიან დიდი პრობლემაა სომეხი ექსპორტიორებისთვის. თუმცა, ეს ასევე არის დიდი შესაძლებლობა ჩვენი ბაზრის დივერსიფიკაციისთვის. ჩემთვის პირადად, ძალიან კარგია დივერსიფიკაციის ეს შანსი, რადგან ჩვენ დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ერთ მხარეზე და ჩვენი ბაზარი ბევრად უკეთესი უნდა გავხადოთ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ ბევრი ახალი მიმართულება. ეს არის, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, როგორიცაა ყირგიზეთი და ყაზახეთი - სადაც შეგვიძლია წავიდეთ ირანის გავლით და, რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნები.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, ამ ქვეყანასთან საზღვრების გახსნა ბევრად უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის, რადგან ყველამ ვიცით, რომ ღია გზები ეფექტური და კარგი საშუალებაა ეკონომიკის განვითარებისთვის. ვფიქრობ, სომეხ ექსპორტიორებს აქვთ თავიანთი შეთავაზებები აზერბაიჯანის ბაზრისთვის, ისევე, როგორც აზერბაიჯანის ბაზარს აქვს შეთავაზებები - როგორიცაა ნავთობი და სხვა რამ. ვფიქრობ, დღითი დღე, თვიდან თვემდე, კავშირი უფრო დაახლოვდება და ბევრად უფრო კარგი კომუნიკაცია და ბიზნეს ურთიერთობები გვექნება მათთან“ - აცხადებს აშოტ მირაკიანი.




























