მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იმედია, თბილისი მალე დაემსგავსება ნორმალურ ქალაქს"

5c6fb81aa8ed1
მარიამ ადამია
22.02.19 13:20
1237
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ, გადაცემა “საქმიან დილაში”, სკვერებში და პარკებში კაპიტალური მშენებლობის აკრძალვის შესახებ და ურბანული გამწვანების კუთხით კანონის შემუშავებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით საუბრები ყოველთვის იყო, თუმცა ამ დრომდე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

„ჩვენ ისეთ პერიოდში ვიმყოფებით, რომ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს, თუმცა, ის ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ურბანული გამწვანების კუთხით, აუცილებლად დახვეწავს და მოარგებს იმ რეალობას, რომელიც გამწვანებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებობს ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, ვიდრე კანონპროექტზე დაიწყება მუშაობა, მანამდე ყველა ქალაქში ჩასატარებელია გამწვანებული ტრერიტორიების ინვენტარიზაცია, რადგან ამის გარეშე არავითარი კანონპროექტი არ იმოქმედებს და არ იქნება რეალურად ქმედითი“ - აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.

მისი თქმით, ინვენტარიზაცია საჭიროა რომ გავიგოთ, რა გაგვაჩნია, რის დაცვას ვაპირებთ, რადგან ეს ინფორმაცია ამ დრომდე არ მოიპოვება. ბოლო ინვენტარიზაცია, მათ შორის დედაქალაქშიც 90-იანი წლების შემდეგ არსად ჩატარებულა.

„90-იანი წლების შემდეგ ათასი რამ მოხდა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის იყო ენერგეტიკული კრიზისი, სამშენებლო ბუმი და შედეგად არ ვიცით რას ვფლოთ და რისი დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ. ამ დგომარეობაში კი, განვითარებაზე საუბარი ძალიან რთულია“ - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

მანვე გადაცემაში ისაუბრა კ2 კოეფიციენტის აკრძალვაზე, ასევე გენერალური გეგმის დამტკიცებაზე, რომელიც მარტის ბოლოდან უნდა ამოქმედდეს.

მისი თქმით, ქალაქმა სისტემური ცხოვრება უნდა დაიწყოს და ქაოტური მდგომარეობა დასტაბილურდეს. ამიტომაც რეგულაციები იქნება მკაცრი იმისათვის, რომ გამართლდეს სლოგანი სტაბილურობა-მდგრადობამდე.

„ქალაქი ნელ-ნელა იწყებს ახალ ცხოვრებას და იმედია მალე დაემსგავსება ნორმალურ ქალაქს, რადგან დღეს, ის ნორმალურთან ახლოსაც არ დგას. სწორედ ამ განვითარების გზაზე მნიშვნელოვანია, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსავალია და ეს არის ცივილური მიდგომა. თუ გვინდა ჟანგბადი, ნორმალური ცხოვრება, მოწესრიგებული გარემო, მსგავს რაღაცებს უნდა შევეგუოთ“ - აღნიშნა სალუქვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები