მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“იმედის” დაკვეთით ჩატარებული კვლევა: თუ დასავლეთი მოსთხოვს, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს პოზიცია?

62a7693eb6b73
თამთა ჯიჯავაძე
13.06.22 20:38
4775
პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედი“ საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს, რომელიც "გორბს" დაუკვეთა. კვლევის ფარგლებში რამდენიმე კითხვა დაისვა, მათ შორის - "თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია". აღნიშნულ კითხვაზე, როგორც "იმედი" იტყობინება, გამოკითხულთა 83.6% ამბობს, რომ არ უნდა ჩაებას საქართველო, ხოლო 11.5% ამბობს, რომ უნდა ჩაებას. დარჩენილმა 4.9%-მა კი „არ ვიცი“ პასუხი დააფიქსირა.

ამასთან, კითხვაზე - "ეთანხმებით თუ არა ქართული ოცნების პოლიტიკას არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში?" - გამოკითხულთა 77.6% ამბობს, რომ ეთანხმება, 20.8% ამბობს, რომ არ ეთანხმება, ხოლო 1.6%-მა პასუხისგან თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას დასავლეთი საქართველოს არ სთხოვს და ამ ინფორმაციას რუსულ დეზინფორმაციას უწოდებს. მისივე თქმით, ვერ ისაუბრებს საქართველოს პრემიერის განცხადებაზე, თუმცა არავინ იცის საქართველოში, ვისაც ქვეყნის ომში ჩართვა სურს. 

ამასთან, პერიოდულად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩართვა სურს. აღსანიშნია, რომ მთავრობა ამ თემაზე საუბრისას ღიად ადანაშაულებს ოპოზიციას, უმთავრესად - "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც "ომის პარტიას" უწოდებს. დღეს კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობებზე საუბრისას, პრემიერმა ასეთი განცხადება გააკეთა: "თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო".

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ ჩაატარა. კერძოდ, 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 ადამიანი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები