მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედს", GDS-ს და "მაესტროს" ინკასო არ ემუქრებათ - იურისტი

5e00c17622dec
ინგა მურუსიძე
23.12.19 17:43
3502
ტელეკომპანია „იმედს“, GDS-ს და „მაესტროს“ ინკასო არ ემუქრებათ, - ამის შესახებ bm.ge-ის შპს ტელეკომპანია "იმედის“ იურისტმა  ნინუცა პავლიაშვილმა განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე საათის წინ ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, ვანო მაჭავარიანის უწყება ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.

bm.ge პირველ რიგში, იმ ტელეკომპანიების წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რომელთაც სახელმწიფოს წინაშე 55 მილიონზე დიდი დავალიანება მართებთ. მათ შორისაა "იმედიც".

„ფინანსთა სამინისტროს ეს განცხადება ჩვენს თავზე არ მიგვიღია, ვინაიდან როცა გამოქვეყნდა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს მხრიდან მიმდინარე დავალიანებებთან დაკავშირებით, ჩვენ მაშინვე დავიწყეთ გადახდა და 1 ოქტომბრიდან დავალიანებებს ვიხდით კანონის შესაბამისად“, - განაცხადა პავლიაშვილმა.

რაც შეეხება ძველ დავალიანებებს, იურისტის განმარტებით, ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროსთან ტელეკომპანიები თანამშრომლობენ.

„დაზუსტებით არ ვიცი, თუმცა როგორც გავარკვიე, შედგა შეთანხმება და 2020 წლიდან უნდა დავიწყოთ გადახდა ამ ძველი დავალიანებების, ხოლო მანამდე მიმდინარეებს ვიხდით ჩვეულებრივად“, - განაცხადა ნინუცა პავლიაშვილმა. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები