"არჩილ გუნიავა საოჯახო მარანში, სადაც ამჟამად ნატურალურ ქვევრის ღვინოებს ამზადებს, ცქრიალა ღვინის წარმოებას გეგმავს", - ამის შესახებ Bm.ge-ს თავად მეღვინემ განუცხადა.
"ჩემი მიზანია ცქრიალა ღვინის წარმოება დავიწყო. მისი დაყენება ბოთლში ცოტა სხვა ტექნოლოგიაა და მეტი სირთულეა, მაგრამ შესაძლებელია. ცქრიალა ღვინოს ჩემი ვენახიდან მოწეული ყურძნით დავამზადებ, კერძოდ ციცქათი, რაც ასეთი ტიპის ღვინის საწარმოებლად ძალიან კარგი ჯიშია. ამ ყურძნისგან დამზადებული სასმელი ბუნებრივად ხდება შუშხუნა და არ საჭიროებს ხელოვნურ ჩარევას", - განაცხადა არჩილ გუნიავამ.
მეღვინე ამჟამად მარანში რამდენიმე დასახელების იმერულ ღვინოს ამზადებს, რომელსაც ამერიკაში ყიდის, კერძოდ "ციცქას" , "ცოლიკაურს", "კრახუნას“, ასევე ღვინოს ამ სამი ყურძნის სეპაჟით, ,,ოცხანურის საფერეს“ და ღვინო "მგალობლიშვილს“.
"ოთხოვნის მატებასთან ერთად ყოველწლიურად ვზრდი წარმოებას, შარშანწინ - 3000, შარშან - 4000 ბოთლი ღვინო დავამზადე, წელს კი 5000-ის ჩამოსხმას ვგეგმავ. მე დიდ მაშტაბებზე ვერ გავალ, რადგან ეს ნატურალური ღვინოა, როდესაც ჩემი ვენახები მაქსიმალურ მსხმოიარობას მიაღწევს, წელიწადში 7-8 ათასი ბოთლის დამზადების შესაძლებლობა მექნება.
საქმეში ოჯახი, მეუღლე და შვილები მეხმარებიან, სამი შვილი მყავს, ჩემს გოგონას აქვს თავისი სახელობის ღვინო დამზადებული - მგალობლიშვილის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გადაჯიშების პირას მყოფი, იშვიათი იმერული ყურძენია, ეტიკეტზე მისი სახელი აწერია. მეღვინეობა თავად ისწავლა, რადგან ბავშვობიდან იყო ჩართული ამ პროცესში", - განაცახადა არჩილ გუნიავამ.

























