მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმერეთის აგროზონის დაპროექტებაზე ტენდერი წლის ბოლოს გამოცხადდება

5bebb51ca2506
მაია ბიწაძე
14.11.18 09:36
2381
იმერეთის აგროზონის ტერიტორიის დაპროექტებაზე ტენდერი წლის ბოლოს გამოცხადდება, ამის შესახებ Bm.ge-ს შპს,, იმერეთის აგროზონის“ დირექტორმა ლევან უროტაძემ განუცხადა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია პროექტების მართვის სააგენტოს შვილობილია და მას მთავრობის დადგენილებით იმერეთში ერთიანი სასათბურე კლასტერის მოწყობა დაევალა, სადაც მწვანილებსა და სხვა სასათბურე კულტურებს მოიყვანენ. იმერეთის აგროზონა წყალტუბოში, სოფელ მაღლაკში 125 ჰექტარზე განთავსდება.

,, პროექტის დაფინანსება 2019 წლის ბიუჯეტში გამოიყო, ყველა მოსამზადებელი სამუშაო ჩატარებულია, წლის ბოლოს გამოვაცხადებთ ტენდერს საპროექტო სამუშაოების დაწყებაზე. კონცეფცია უცვლელად რჩება, ეს იქნება მრავალფუნქციორი კლასტერი, სადაც განთავსდება დიდი და პატარა ზომის სათბურები, გადამამუშავებელი, დამახარისხებელი, შემფუთავი და შესანახი სამაცივრო მეურნეობები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ტერიტორიის სწორად დაგეგმარებას და მის ოპტიმალურ გამოყენებას, სწორედ ამიტომ გვსურს კვალიფიციური კომპანია მოვიზიდოთ, რომელიც ამ ყველაფერს სწორად დაგეგმავს. ჩვენ გვვქონდა საუბარი კომპანიებთნ, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ, ტერიტორიაც დავათვალიერებინეთ 6-7 მათგანს. ვფიქრობთ, წლის დასაწყისში ტენდერის შედეგები გვეცოდინება და ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 5-6 თვეში საპროექტო სამუშაოები დასრულდება“ - განუცხადა Bm.ge-ს ლევან უროტაძემ.


მისივე განმარტებით, შემდგომი ეტაპი იქნება აგროზონის ტერიტორიაზე კომუნიკაციების მიყვანა, მიწის დეტალური ანალიზი და კლიმატური მონაცემების დადგენა.

,, მომავალი წლის ზაფხულის ბოლომდე რაღაცა ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგმული იქნება. პროექტირებაში ასევე შედის კლიმატური მონაცემების დადგენა, მიწის ანალიზების ჩატარება, რომელიც ჩვენ გარკვეულწილად გაკეთებული გვაქვს და ვიცით, რომ მიწა ამ ტერიტორიაზე ვარგისია, მაგრამ გვინდა, რომ ბენეფიციარებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე სასათბურე მეურნეობებს შექმნიან, უფრო დეტალური რეკომენდაციები გავუწიოთ. მაგალითად, თუ პირობითად ენდომებათ რეჰანის მოყვანა, ამ შემთხვევაში მიწას რა ელემენტები უნდა დაამატონ, ანუ თითეული კულტურის მიხედვით მოხდება ამის ანალიზი“ - განმარტავს ლევან უროტაძე.

მინიმალური ფართი, რაზეც აგროზონაში კერძო სუბიექტებმა შესაძლოა სათბური მოაწყონ 2 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, ხოლო მაქსიმალური - 5 ჰექტარი.

,, მინიმალური ფართი, რაზეც ჩვენ შეჩერებული ვართ, იქნება 2 ათასი კვადრატული მეტრი, რადგან გვინდა, რომ ის მცირე მეწარმეები რომლებსაც რეგიონში კუსტრულ სათბურებში მოჰყავთ მწვანილი, ნელ-ნელა თანამედროვე ტიპის სათბურებზე გადმოვიყვანოთ. ამისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შესაძლოა დამატებითი კომპონენტი შეიქმნას, რომ მათ კიდევ უფრო გაუადვილდეთ ეს პროცესი. ასევე, პროექტის კონცეფციის თანახმად შერჩეული იქნება ერთი ექსპორტიორი კომპანია, რომელიც ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ნედლეულის მიღების შემდგომ საჭირო ყველა ინფრასტრუქტურის მოწყობას, ეს იქნება სასაწყობო ფართები, სამაცივრე მეურნეობები, თუ სხვა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა “ - განმარტა უროტაძემ.

,,იმერეთის აგროზონაში“ ძირითადად მწვანილს და სასათბურე ბოსტნეულს მოიყვანენ, თუმცა შესაძლოა სხვა კულტურებისთვისაც გამოიყოს მცირე ტერიტორია.

,, აქცენტი მწვანილზე კეთდება, თუმცა სასათბურე ბოსტნეულზეც იქნება რაღაცა დაშვებები, სხვა სახის კულტურა რამდენად იქნება დაშვებული აგროზონის ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ანუ იყო წინადადებები, რომ საყვავილე მეურნეობებიც ყოფილიყო, თუმცა ამაზე ჯერ-ჯერობით პასუხი არ მაქვს. როცა პროექტირების საბოლოო ვარიანტი გვექნება და ზუსტად გვეცოდინება ამ 125 ჰექტარზე რამდენი სასათბურე ფართი განთავსდება, ამის მერე შეგვეძლება განსაზღვრა, რა ტერიტორია შეიძლება გამოიყოს სხვა კულტურებისთვის, მაგრამ ძირითადი ადგილი მაინც მწვანილს და სასათბურე ბოსტნეულს დაეთმობა“ - განაცხადა ლევან უროტაძემ.

მისივე განცხადებით, იმერეთის აგროზონაში მოწეული პროდუქტები ძირითადად ევროპაში და გალფის ქვეყნებში გაიყიდება.

,, რაც შეეხება ბაზარს, ჩვენი სამიზნე ევროპა და გალფის ქვეყნებია. დღესდღეობით მწვანილი და სასათბურე ბოსტნეული ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში გადის, როგორიცაა უკრაინა, ბელორუსია და რუსეთი. ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ შევქმნათ ნედლეულის ბაზა, რადგან დღესდღეობით ვერცერთი პატარა მეწარმე ვერ ელაპარაკება ევროკავშირის ქვეყნის ბაზარს, რადგან ნედლეულის სიმცირე აქვთ, ეს კლასტერი კი შექმნის ამ უნიკალურ პირობას “ - აცხადებს უროტაძე.

შპს ,,იმერეთის აგროზონის“ შექმნაში 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის ჩადება იგეგმება. წინასწარი მონაცემებით, პროექტის ფარგლებში სავარაუდოდ 70-დან 80 ჰექტრამდე სასათბურე ფართი შეიქმნება.

,, ტერიტორიის მოსამზადებელ სამუშაოებს, პროექტირებიდან დაწყებული, ყველა კომუნიკაციის შეყვანით დამთავრებული, შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობას, ანუ გზების გაკეთებას, შემოღობვას, განათებას და ა.შ, სახელმწიფო დააფინანსებს. რაც შეეხება სათბურების მშენებლობას, პროექტირებაში ჩვენ დავეხმარებით, მაგრამ სამშენებლო სამუშაოებს თავად მესაკუთრე განახორციელებს. ექსპორტიორი კომპანია კი უზრუნველყოფს ტერიტორიაზე იმ ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც საჭიროა ნედლეულის მოყვანის შემდგომ მისი შენახვის, შეფუთვის, დასაწყობისა და საექსპორტოდ მომზადებისთვის. პირველი პროდუქციის მიღების ზუსტი თარიღების დასახელება ამჟამად გამიჭირდება, 2019 წლის ბოლოს უკვე შეგვეძლება საუბარი, თუ როდის შევძლებთ ექსპორტის დაწყებას“ - განუცხადა Bm.ge-ს ლევან უროტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები