იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ახალ რწმუნებულს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და წარმატება უსურვა.
ლევან ზალკალიანი ამ დრომდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციას იკავებდა და თანამდებობის დატოვების შესახებ საზოგადოებას დღეს აცნობა. ასევე, დააანონსა, რომ მისი სამომავლო გეგმების შესახებ [გავიგებდით სულ მალე].
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას უკვე მეორე მერი ტოვებს.
მერობამდე ზალკალიანი იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.
სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის განმავლობაში - ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება.
რაც შეეხება ლევან ზალკალიანის ქონებას, 2024 წლის 30 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ზალკალიანს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ყოფილი მერი ფლობს 2013 წელს $20 000-ად შეძენილ 200 კვ.მ სახლს ქუთაისში პეტრიწის ქუჩაზე. ასევე სხვადასხვა დროს შეძენილ სამ მიწის ნაკვეთს იმავე მისამართზე.
დეკლარაციაში წერია, რომ მისივე საკუთრებაა 2022 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომობილი MITSUBISHI MONTERO SPORT0-ი, რომელშიც 2013 წელს $6 000 გადაიხადა. [ სავარაუდოდ ტექნიკური შეცდომაა].
დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ნაღდი ფულის სახით ზალკალიანი 20 000 ლარს ფლობდა.
სახელფასო სარგოს სახით 2023 წელს ზალკალიანს მერის თანამდებობაზე დანიშვნის მომენტიდან მაისიდან დეკემბრის ჩათვლით 32 689 ლარი აქვს მიღებული. გასული წლის პირველ სამ თვეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოსტზე კი, 9 631 ლარი.
მეუღლე ია ნაცვლიშვლი კი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრში მთავარი სპეციალისტია და წლიურად ხელფასის სახით 21 168 ლარი აქვს მიღებული.

























